გაუკვირდათ, საიდან მაქვს ამდენი ბიტკოინი, წინასწარ უნდა დაინახო, რა იქნება ხვალ – ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ პარლამენტში საპენსიო პროცენტის და წამლების ფასის შემცირების კანონპროექტს დაარეგისტრირებენ.

“დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ შევამციროთ საპენსიო სესხის პროცენტები და ამის კონკრეტულ კანონპროექტს მალე იხილავთ პარლამენტში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევამციროთ წამალზე ფასები და ამის კანონპროექტსაც იხილავთ პარლამენტში. ძალიან გაუჭირდება ქართულ ოცნებას, მხარი არ დაუჭიროს ასეთ ინიციატივებს, ძალიან მარტივი ინიციატივები გვაქვს”,– ამბობს ის ფორმულას ეთერში.

ვაშაძე აცხადებს, რომ აქვს ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარების ინიციატივაც. მისივე განმარტებით, ფინანსურად მყარად იმიტომ არის, რომ წინასწარ ხედავს, რა იქნება ხვალ.

“ბლოკჩეინზე და ტექნოლოგიებზე გვექნება მთელი ცალკე ბლოკი, რომელზეც ბევრი იტყვის, რომ არ გვესმისო, მაგრამ შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ბლოკჩეინქალაქი გვქონდა პროექტში. ჩვენ რომ მაშინ ის გაგვეკეთებინა მაშინდელი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, დღეს საქართველოში მინიმუმ 4-5 მილიარდი დოლარი იქნებოდა დამატებითი ფინანსური რესურსი შემოსული.

მერე ზოგიერთს გაუკვირდა, რომ მე საიდან მაქვს ამდენი ბიტკოინი და ფინანსურად რატომ ვარ მყარად. იმიტომ რომ წინასწარ უნდა დაინახო, რა იქნება ხვალ. მე ასეთი ხედვების შეთავაზებას ვაპირებ ჩვენს გუნდთან ერთად”,– განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ბიტკოინს ფლობს.