თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ინფიცირებულია 20–მდე მემანქანე, თუმცა მეტრო მუშაობას განაგრძობს.
“ნებისმიერ შეზღუდვას აწესებს საკოორდინაციო საბჭო, თუ ისინი მიიღებენ მსგავს გადაწყვეტილებას [ჩაკეტვას], ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, რა თქმა უნდა, თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაითვალისწინებს. ამ ეტაპზე დაინფიცირებულია 20–მდე მემანქანე, თუმცა თბილისის მეტროში 220 მემანქანე მუშაობს, შესაბამისად, მეტროს მუშაობას არანაირი საშიშროება არ ემუქრება”,– თქვა სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელმა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა, “ერთობა 2013-მა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეტროს მემანქანეების და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია.
პროფკავშირში აცხადებენ, რომ მეტროს მუშაობის შეწყვეტის რეალური საშიშროება დგას.
“სექტემბრის თვეში, როდესაც ვირუსმა მნიშვნელოვნად დაიწყო გავრცელება, შევხვდით სატრანსპორტო კომპანიის დირექციას. სადაც, ჩვენის მხრიდან იყო შეთავაზება ვირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების შესახებ. შეთავაზება კი გულისხმობდა, დილით 7:00 საათზე მეტროს გახსნას და საღამოს 21:00 ზე ჩაკეტვას. გვესმის, რომ მგზავრებისათვის შესაძლოა მცირედ დისკომფორტი გამოეწვია ამ ყველაფერს, მაგრამ მეტროს მუშაობის შეწყვეტას (რისი საშიშროებაც რეალურად დგას) აშკარად აჯობებდა. ეს წინადადება დარჩა უყურადღებოდ”, – ნათქვამია განცხადებაში.