აქტიურად ვფიქრობთ მეთოდებზე, რომლებიც აიძულებენ ადამიანებს, აიცრან – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ “დიდი ალბათობით” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა სავალდებულო არ გახდება.

“ზოგადად აცრა, გარდა სავალდებულო გამონაკლისი ჯგუფებისა, სავალდებულო არსად არ არის.

სავალდებულო იმუნიზაცია ბევრჯერ იყო ჩვენთანაც პარლამენტში განხილვის საგანი, როდესაც 2 წლის წინ წითელას ძლიერი ეპიდაფეთქება გვქონდა, მაშინ ასევე განიხილებოდა ეს საკითხი, ამიტომ დიდი ალბათობით, მით უმეტეს რადგან COVID-ის ვაქცინა ახალია, ის კანონმდებლობით სავალდებულო არ გახდება”,– ამბობს გამყრელიძე TV პირველის ეთერში.

მისი თქმით, შეიძლება ქვეყანაში იყოს არაპირდაპირი, “წამახალისებელი” მეთოდები, რომლებიც ადამიანს აცრას აიძულებენ. გამყრელიძის განმარტებით, ამაში შესაძლოა კერძო ბიზნესიც ჩაერთოს.

“არის რიგი არაპირდაპირი მეთოდები, რომლებიც აიძულებენ ადამიანებს, რომ აიცრან. მაგალითად, ახლა ბევრმა ავიაკომპანიამ უკვე გამოაცხადა, რომ არ გაყიდიან ბილეთებს, თუ ადამიანი ორჯერ არ არის აცრილი. მთელი რიგი ქვეყნები ტურისტულ საგზურებს არ გაყიდიან, თუ აცრილი არ არის ადამიანი. ამას მე არაპირდაპირი მანდატორიზმი ვუწოდე, რომელზედაც ჩვენ ვფიქრობთ აქტიურად. უფრო მეტად წამახალისებელ მანდატურიზმზე.

მაგალითად, დაწესდეს უსაფრთხო კლინიკების სერტიფიკატი, რომ იქ ყველა სამედიცინო პერსონალი იყოს აცრილი, რათა იქ მისული პაციენტი იყოს უსაფრთხო. იგივე მსგავსი სამასპინძლო დაწესებულებები, ტურისტული ობიექტები, სასტუმროები, კერძო სექტორი”,– თქვა გამყრელიძემ.