ესპანეთის მთავრობის გეგმებმა, უკრაინას გერმანული წარმოების Leopard 2–ის მოდელის ტანკები გადასცეს, გერმანიის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში უკმაყოფილება გამოიწვია. გამოცემა Spiegel წერს, რომ ამისათვის გერმანიის მთავრობის თანხმობა იყო საჭირო. თუ გერმანიის მთავრობა თანხმობას გასცემდა, ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როცა ნატოს წევრი ქვეყანა უკრაინას საბრძოლო ტანკებს გადასცემდა.
“ფედერალურმა მთავრობამ ტელეფონით გააფრთხილა ესპანელები, რომ ეს ნაბიჯი ყველა დასავლელი მოკავშირის მიერ ერთობლივად მიღებული (თუნდაც სრულიად არაფორმალურად და არაოფიციალურად) გადაწყვეტილების დარღვევა იქნებოდა იმის შესახებ, რომ კიევისთვის ტანკები არ მიეწოდებინათ“– წერს გამოცემა.
მისი ცნობით, ინფორმაციის გაჟონვამ ტანკების შესაძლო მიწოდების შესახებ მადრიდს ბოდიშის მოხდაც კი აიძულა ბერლინის წინაშე მისი უხერულობაში ჩაყენებისთვის. ახლა საუბარია მაქსიმუმ 10 ტანკზე, და ეს გადაწყვეტილებაც ჯერჯერობით ოფიციალურად მხარდაჭერილი არ არის.
უფრო მეტიც, ტანკები 1990-იან წლებშია დამზადებული და იმდენად მოძველებულია, რომ საბრძოლო მზადყოფნაში მხოლოდ რემონტის შემდეგ იქნება, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდება.
საიდან გახმაურდა უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ:
გასულ კვირას გამოცემა ელ პაისმა სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ესპანეთი უკრაინაში ლეოპარდის ტიპის დაახლოებით 40 ტანკის გაგზავნას გეგმავდა. თუმცა, ტანკების გადაცემას გარკვეული სირთულეები უკავშირდება, მაგალითად ის, რომ მათ მოდერნიზაცია და რემონტი ჭირდებათ. ამიტომ გადაცემის ვადები ჯერჯერობით დაუდგენელია.
ეპანური გაზეთი აღნიშნავდა, რომ ადრე უკრაინისთვის ლეოპარდის ტანკების პირდაპირ გერმანიიდან მიწოდება იგეგმებოდა, თუმცა გერმანიის ხელისუფლება ჯერჯერობით მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემას ხელს უშლიდა.
როგორც გამოცემა წერდა, გერმანიაში ამერიკის ელჩმა, ანდრე მელნიკმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერმა დაადასტურა უკრაინაში გერმანული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების – IRIS-T მიწოდება. ამ სისტემების წარმოება უკვე დაიწყეს, თუმცა ამ შეკვეთის ღირებულების პირველ ტრანშს 1 მილიარდი ევრო დაჭირდება. სწორედ ამაზე წავა გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტში უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი ფული. მოსალოდნელია, რომ ზაფხულის ბოლომდე სისტემა მზად იქნება, უკვე ოქტომბერში კი რუსული რაკეტებისგან კიევის ზომის ტერიტორიის დაცვას შეძლებს. მელნიკმა აღნიშნა, რომ 3–4 წელიწადში უკრაინა მოახერხებს IRIS-T–ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები ქალაქების და ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტების გარშემო დააყენოს.