გერმანია უარყოფს ბორის ჯონსონის ბრალდებას, რომ გერმანიის აზრით ჯობდა უკრაინა მალე დამარცხებულიყო

გერმანია კატეგორიულად უარყოფს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ რუსეთ–უკრაინის ომის დასაწყისში  გერმანიის აზრით ჯობდა უკრაინა სწრაფად დამარცხებულიყო, ვიდრე ხანგრძლივ სამხედრო კონფლიქტში ჩართულიყო. გერმანიის მთავრობის განცხადებას გამოცემა გარდიანი აქვეყნებს.

ტელეკომპანია “სი-ენ-ენ”-ის (CNN) პორტუგალიურ გამოცემასთან ინტერვიუში, რომელიც ეთერში ოთხშაბათს, 23 ნოემბერს გავიდა, ბორის ჯონსონმა ევროპელი ლიდერების რეაქციებზე ისაუბრა და ისიც თქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროპაში ომის საფრთხეს ვერ აცნობიერებდა და უარყოფდა მას. იტალიამ კი, რომელსაც მაშინ მარიო დრაგი მეთაურობდა, თქვა, რომ რომი ევროკავშირს ვერ დაეხმარებოდა, ვინაიდან ძლიერ იყო დამოკიდებული რუსული ნახშირწყალბადის იმპორტზე.

„ჩვენ ვიცით, რომ ძალიან მხიარულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ყოველთვის უნიკალური ურთიერთობა აქვს სიმართლესთან; ეს შემთხვევაც არ არის გამონაკლისი“, – ნათქვამია გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის პრესსპიკერის საპასუხო განცხადებაში.მიგელ ბერგერმა, გერმანიის ელჩმა დიდ ბრიტანეთში, ასევე უარყო ჯონსონის ვერსია.

თუმცა, ჯონსონის სიტყვები ემთხვევა ამ საკითზე, გერმანიაში უკრაინის ყოფილი ელჩის, ანდრეი მელნიუკის გაკეთებულ კომენტარებს – წერს “გარდიანი”. მელნიუკის თქმით, გერმანელი პოლიტიკოსები უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინ, უკრაინის ელჩს ეუბნებოდნენ, რომ მათი მოლოდინით, კიევი მოსკოვს 3 დღის განმავლობაში დანებდებოდა და მათ დახმარებას აზრი არ ჰქონდა.