გერმანული კონცერნი მზად არის უკრაინაში სატანკო ქარხანა ააშენოს
გერმანული საინჟინრო კონცერნი Rheinmetall უკრაინის ხელისუფლებასთან მის ტერიტორიაზე სატანკო ქარხნის მშენებლობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. Rheinische Post-ის მიხედვით მას შეუძლია წელიწადში 400-მდე საბრძოლო ტანკის წარმოება.
ქარხნის მშენებლობა დაახლოებით 200 მილიონი ევრო დაჯდება და მისი უსაფრთხოება ადვილად შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს საჰაერო თავდაცვის სისტემებით, განაცხადა კონცერნის ხელმძღვანელმა არმინ პაპერგერმა გაზეთთან ინტერვიუში.
“დასავლელი მოკავშირეები აგზავნიან საკმარის იარაღს, რათა უკრაინას შეეძლოს თავის დაცვა, მაგრამ უკრაინელებს დღეს არ აქვთ იმდენი აღჭურვილობა, რომ სრულად დაიბრუნონ თავისი ტერიტორიები“– ამბობს არმინ პაპერგერი, Rheinmetall-ის ხელმძღვანელი.
პეპერგერი თვლის, რომ უკრაინას შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს თავისი ტერიტორიების დაბრუნებისთვის და მან სწრაფად უნდა დაიწყოს ახალი აღჭურვილობის წარმოება თავის მიწაზე.
Rheinmetall-ის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინას გამარჯვებისთვის 600-დან 800-მდე ტანკი დასჭირდება.
მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სჭირდებოდათ მინიმუმ 300 დასავლური ტანკი, რათა მიაღწიონ გარდამტეხ წერტილს ომის მსვლელობაში.
თებერვალში გერმანიის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ უკრაინაში 14 ლეოპარდის ტანკს გაგზავნიდა და სხვა ქვეყნებიდან მათი რეექსპორტის ნებართვასაც იძლეოდნენ.
ამ დროისთვის, მოკავშირე რამდენიმე ქვეყანამ ასევე გამოაცხადა მზადყოფნა უკრაინაში გადაიტანოს რამდენიმე ათეული ტანკი, მათ შორის 31 აბრამსი შეერთებული შტატებიდან, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი უახლოეს თვეებში უკრაინაში საკმარისი რაოდენობით გამოჩნდნენ.
ჟურნალ Economist-ის თანახმად, რუსეთს შეუძლია აწარმოოს დაახლოებით 20 ახალი და განაახლოს 90-მდე ძველი ტანკი თვეში.
Rheinmetall-ის ხელმძღვანელის თქმით, ქარხნის მშენებლობაზე უკრაინის მთავრობასთან მოლაპარაკებები პერსპექტიული იყო და გადაწყვეტილება უახლოეს ორ თვეში უნდა იქნას მიღებული.