“გთხოვთ, მომეცით 3 საათით გასვლის და საცოლესთან ქორწინების საშუალება ” – წერს ამის შესახებ, საემიგრაციო პატიმრობაში მყოფი „ბათუმელი მედროშე” თემურ ქათამაძე წერილში, რომელიც მისმა უფლებების დამცველმა ორგანიზაცია „საიამ” გაავრცელა.
„თურქეთში გაძევების შემთხვევაში იქ დაპატიმრება და ციხე მელოდება. ამ რეალობიდან გამომდინარე, 5 წელია მყავს საცოლე ნონა კაკულია, ამიტომ, თურქეთში გაძევებამდე, ნონა კაკულიასთან რელიგიური წესით ქორწინების დიდი სურვილი მაქვს. ჩემი თურქეთში გაძევების შემდეგ დიდი ალბათობით აღნიშნულის შანსი აღარ გვექნება. სამწუხაროდ აღნიშნული რიტუალის მიგრაციის ცენტრში ჩატარების საშუალება, მიგრაციის ადმინისტრაციამ არ მოგვცა.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძვლით, თავშესაფრის მაძიებელი სტატუსის მქონე ეთნიკური ქართველის სახით, თქვენი სასამართლოსგან ვითხოვ, ჩემ საცოლესთან რელიგიური წესით ქორწინებისთვის, მომავალ ერთ სასურველ დღეს, მხოლოდ 3 საათით მიგრაციის ცენტრიდან ქალაქ თბილისში გასვლის უფლებას, აღნიშნული რიტუალის შესაბამის ეკლესიაში და მეჩეთში ჩატარებისთვის”. – წერს თემურ ქათამაძე წერილში.