წერილში პირდაპირ ეწერა, რომ სასამართლო დამთავრდებოდა ჩემი პასუხისმგებლობაში მიცემით, დაახლოებით ერთი წლის ვადაში – თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ლიგარქისგან წერილი მიიღო, რომელშიც ივანიშვილი ემუქრებოდა.
“ამ წერილში პირდაპირ ეწერა, რომ სასამართლო დამთავრდებოდა ჩემი პასუხისმგებლობაში მიცემით, დაახლოებით ერთი წლის ვადაში. მე მთავაზობდნენ რომ გადამეხადა 5000 ბიტკოინი ჩემი თავისუფლებისთვის. თუ ამას არ გადავიხდიდი ეს თანხა ყოველთვიურად 500 ბიტკოინით გაიზრდებოდა. ამას ჰქვია კრიმინალური “სჩოტჩიკი”. ეს წერილი არის მიღებული მას შემდეგ რაც გამოძიება დაიწყო.
ჩემს წინააღმდეგ გამოძიება იმიტომ დაიწყო, რომ მე უარი ვთქვი ივანიშვილს წავყოლოდი იმ სიგიჟეში და ანტიქართულ საქმეში, რასაც დღეს ჩადის. იმ დროს გადაწყვიტა ივანიშვილმა ჩემზე შურისძიება და თანხის გამოძალვა. შესაბამისად ივანიშვილი იყენებს თავის აბსოლუტურ პოლიტიკურ ძალაუფლებას იმისათვის, რომ მე ადამიანი, რომელიც ვდგავარ ჩვენი დასავლური ღირებულებების სადარაჯოზე, გამაჩუმოს, შური იძიოს და გამომძალოს თანხა.” – აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი “მთავარ არხთან”.
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა ბაჩიაშვილი თავს დამნაშავედ, უარყოფითი პასუხი გასცა.
გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.