პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლებამ” ქუთაისში “სისხლიან” ბანერს “მოდი რეფერენდუმზე” ბანერით გადააკრა.
ქუთაისის ვიცემერობის კანდიდატის, გირჩი – მეტი თავისუფლების წევრის, იმედა კლდიაშვილის თქმით, ხელისუფლება ამ ბანერებით საკუთარი უნიათობიდან ყურადღების გადატანას ცდილობს. ის ამომრჩევლებს მოუწოდებს, რეფერენდუმზე მივიდნენ და შეცვალონ “ოკუპანტის მომხრე” ხელისუფლება.
“უნდათ, ამით [ბანერებით] ყურადღება გადაიტანონ, რამდენად უმაქნისი, უსარგებლო და ქვეყნის მტრები არიან, რამეთუ უნდათ, რომ რუსეთს მიგვიერთონ. ოკუპანტი ქვეყნის მომხრე ხელისუფლებას ამის გარდა სხვა არაფერი დარჩენია და მინდა, ყველა ქართველ ამომრჩეველს ვთხოვო, მოვიდნენ არჩევნებზე. მოდით რეფერენდუმზე და დაუჭერეთ მხარი ყველას, გარდა ოცნებისა”,– განაცხადა კლდიაშვილმა.
ცნობისთვის, “სისხლიანი” ბანერები მთელი ქვეყნის მასშტაბით გუშინ ღამით გამოაკრეს. მასზე გამოსახულები არიან მედიამენერეჯერები, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და ექსპრემიერი გიორგი გახარია.