გოგელიას კლინიკაში მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის მაგივრად C ვიტამინი გაუკეთეს

გოგელიას კლინიკაში მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის მაგივრად C ვიტამინი გაუკეთეს – აღნიშნულ ინფორმაციას მოქალაქეები ავრცელებენ და აცხადებენ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში მათ თანხა,  75 ლარი გადახდილი ჰქონდათ.

ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ  დაახლოებით 35 პირს გაუკეთეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად C ვიტამინი.ერთ-ერთი პაციენტის თქმით, როდესაც მოითხოვა განმარტება, თუ რა პრეპარატით აცრეს, მედპერსონალისგან უარი მიიღო. ამასთან, ის ამბობს, რომ კლინიკაში ერთჯერადი გამოყენების ნემსებს რამდენჯერმე იყენებდნენ.

“ჩემს თვალწინ მინდოდა გაეხსნათ ეს წამალი. ექიმმა გვითხრა, გარეთ დაგველოდეთო და დაველოდეთ. შემდეგ შევედით, აგვცრეს. ბავშვს ძლივს გაუკეთეს აცრა, რომ გამოვედი ხელი ამეწვა და ამ ვაქცინას ასეთი უკუჩვენება არ აქვს. შევბრუნდი, ნემსი მომეცით-მეთქი და გაგვიკეთეს ინსულინის შპრიცით, რითაც ეს არ კეთდება. ეს შპრიციც არის მეორადი, წებოებიც ეტყობა”, – ამბობს პაციენტი.

ადგილზე იმყოფებოდა კრიმინალური პოლიციაც. პოლიციამ გამოკითხვაზე რამდენიმე პირი გადაიყვანა.