გუშინ ერთი ახალი პაციენტი მოთავსდა, რომლის ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში ერთი ახალი ინფიცირებულია მოთავსებული, რომელის ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის, დანარჩენები კი სხვა პაციენტების კონტაქტებია.

მისივე თქმით, დღეს გამოჯანმრთელებული 4 პაციენტიდან, 3 ინფექციურის პაციენტი იყო.

,,ამ ეტაპზე ჩვენთან 42 პაციენტი მკურნალობს და მათი მდგომარეობა უცვლელია, როგორც მოგახსენეთ გუშინ. ქვეყნის მასშტაბით გუშინ იყო 420 შემთხვევა, დღეს დილას არის 431 დადასტურებული, ანუ ახალი 11 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულების რიცხვმაც მოიმატა და გახდა 114, მათგან 3 ჩვენს ცენტრში გამოჯანმრთელდა.

პროგრესირება არც ერთ პაციენტთან არ შეინიშნება. კრიტიკული პაციენტები, რომლებიც გამოვიყვანეთ კრიტიკული მდგომარეობიდან, მათთანაც მდგომარეობა სტაბილურია, პროგრესირება კი არა, გაუმჯობესება აღინიშნება დინამიკაში. გუშინ ჩვენთან დღის მეორე ნახევარში ერთი ახალი პაციენტი მოთავსდა, ამ პაციენტის წყარო არ არის დადგენილი, ხდება მისი კვლვევა, დანარჩენი პაციენტები არსებული წყაროების კონტაქტებია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 431 ადამიანი, მათგან 114 გამოჯანმრთელდა, 5 გარდაიცვალა.