აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მორიგ ჯერზე გამოთქვა შეშფოთება “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირების გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა 8 აპრილს ბრიფინგზე თქვა, რომ რომ თუ კანონპროექტი დამტკიცდება, საქართველო ევროპულ გზას ასცდება. მილერის თქმით, ჯერ არ ისაუბრებს იმაზე,რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში.
“ჩვენ მკაფიოდ ვთქვით განცხადებაში, რომ ღრმად შეშფოთებულები ვართ. თუკი ის ამოქმედდება, დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე მუშაობენ. ის საქართველოს, მისი ევროპული გზიდან ააცდენს. ეს კანონი შეაფერხებს დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების ფუნქციონირებას, რომლებიც მუშაობენ, რათა საქართველოს მოქალაქეებს ხარისხიან ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეთ. ის ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ დამტკიცებულა. ასე, რომ ნებისმიერ პოტენციურ შედეგსა თუ ჩვენი მხრიდან გადადგმულ ნაბიჯზე დღეს არ ვისაუბრებ”, – ამბობს მილერი. ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს დამაზუსტებელ კითხვაზე, საუბარია თუ არა კანონპროექტზე მხარდამჭერი დეპუტატების სანქცირებაზე? – პრესსპიკერი ასე პასუხობს:
“ახლა ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ შეშფოთებულები ვართ ამ კანონპროექტით. რაც შეეხება იმას, რისი გაკეთება შეგვიძლია, თუ პროცესი წინ წავა, დაგვაკვირდით. დღეს სათქმელი არაფერი მაქვს”.