დაგვპირდა, რომ ევროკავშირი განახორციელებს შესაძლო გზებით ზეწოლას – სამადაშვილი მიშელზე

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელისგან მიიღეს დაპირება, რომ ევროკავშირი კრიზისის დასაძლევად ყველა შესაძლოა ზეწოლას განახორციელებს.

“ქართულ ოცნებას თუ აქვს ილუზია, რომ ბატონი მიშელი დღეს ჩამოვიდა, ხვალ წავა და აღარ დაინტერესდება რა ხდება ჩვენ ქვეყანაში და როგორ გამოდის ქვეყანა კრიზისიდან, ეს ესე არ იქნება. ის დაპირება, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის ის, რომ ევროკავშირი იქნება უკიდურესად აქტიურად ჩართული ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად და განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას, რომ კრიზისი დაიძლიოს. მათ შორის, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაზეც”,– ამბობს სამადაშვილი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე განცხადებით, შარლ მიშელთან დეტალურად ისაუბრეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და ახალ არჩევნებზე.

“ჩვენ გვქონდა ძალიან საფუძვლიანი როგორც იმაზე,  თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის ფუნქცია გაძლიერდეს ამ კრიზისიდან გამოსვლის მოსაძებნად. ასევე იმ მთავარ პრობლემებზე, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ კრიზისიდან გამოსავლის თვალსაზრისით. ეს, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური პატიმრების თემა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ნიკა მელია და გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდნენ იმისთვის, რომ ჩვენ დავიწყოთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა და მეორე, ქვეყანას სჭირდება ახალი, დემოკრატიული განახლებული პროცესი და ეს პროცესი შეიძლება იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ გვქონდა საუბარი ძალიან დეტალური ყველაფერ ამაზე და იმ გზაზე ჩვენ როგორ ვხედავთ გამოსავალს”. – თქვა სამადაშვილმა