დადგება თუ არა ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი – მდინარაძის განმარტება

პარლამენტში ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც მთავრობის უარის მიუხედავად, ევროპაში ვიზიტით გაემგზავრა.

მისი თქმით, არ ჰგონია, რომ ქართული ოცნების მხრიდან პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების საკითხი დადგება.

“რაც შეეხება იმპიჩმენტს, მე მგონია, რომ ეს საკითხი არ დადგება ჩვენი მხრიდან. ახალი ამბავია, ახალი ემოციაა. ეს არის პარლამენტის დისკრეცია [იმპიჩმენტის გამოცხადება], ეს ხანდახან არასწორად ითარგმნება ხოლმე, ეს ნიშნავს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას, აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ ჩვენი გუნდის წევრებმა მაინცდამაინც პრინციპულად დააყენონ საკითხი, რომ ამ კონკრეტული საკითხის გამო, ამ ვითარებაში, მსგავს საკითხებზე იმსჯელონ”,– განმარტა მდინარაძემ.

მისივე თქმით, შემოიფარგლებიან პოლიტიკური პასუხით.

მდინარაძის აზრით, პრეზიდენტისთვის მთავრობის უარი შესაძლოა გამოეწვია მთავრობასთან საკითხების არშეთანხმებას.

ცნობისთვის, დღეს სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობამ ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე წერილობითი უარი უთხრა, თუმცა პირადი კონტაქტები გამოიყენა და სამუშაო ვიზიტები პირად შეხვედრებად გადააქცია. მისი შეფასებით, ასეთი შეზღუდვები საქართველოსთვის, რომელიც რთულ რეგიონში იმყოფება, დამაზიანებელია.