ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას სახელმწიფომ მორიგებაზე უარი განუცხადა.
ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” მსჯავრდებულის ადვოკატ, ზურაბ თოდუაზე დაყრდნობით ავრცელებს.
- “2024 წლის 14 თებერვალს, საქართველოს მთავრობამ, მიხეილ კალანდიას საქმეზე მორიგებაზე განაცხადა უარი და ითხოვა დრო სასამართლოს მიერ დასმულ სამ კითხვაზე პასუხის გასაცემად.ეს კითხვებია: ჰქონდა თუ არა განმცხადებელს სამართლიანი სასამართლო მოსმენა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დადგენილებასთან დაკავშირებით კონვენციის მუხლი 6 §1 -ის გათვალისწინებით? გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებული იყო სისხლის სამართლის დანაშაულის სამართალწარმოების დროს, კერძოდ, საპარლამენტო გამოძიება, რომელიც წინ უსწრებდა სასამართლო მოსმენას და სასამართლო, რომელიც განიხილავდა განმცხადებლის საქმეს იყო თუ არა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კონვენციის მუხლი 6 § 1 თანახმად (იხ. Čivinskaitė v. Lithuania, no. 21218/12, 15 September 2020)?ჰქონდა თუ არა განმცხადებელს მის წინააღმდეგ მოწმეების, კონკრეტულად გ.ჯ და გ.ბ, გამოკითხვის შესაძლებლობა, როგორც ამას ითხოვს კონვენციის მუხლი 6 §§ 1 და 3(დ) (იხ. mutatis mutandis, Bondar v. Ukraine, no. 18895/08, 16 April 2019)?სასამართლომ, საქართველოს მთავრობას, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად 2024 წლის 10 მაისამდე მისცა დრო”, – ამბობს თოდუა.
ადვოკატი ამბობს, რომ მთავრობისთვის მორიგება მიუღებელია, რადგან ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას მოუწევს აღიაროს, რომ დროებითი საპარლამენტო კომისია ვენეციის კომისიის 2004 წლის 98-ე პლენუმის დადგენილების საწინააღმდეგოდ შეიქმნა; მოუწევს განმარტოს, რატომ წავიდა ის ამ დარღვევაზე – ვენეციის კომისიის ამ დადგენილებით კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის საგამოძიებო კომისიების შექმნა სასამართლო გადაწყვეტილების დადგომამდე; მოუწევს აღიაროს, რომ მსჯავრდებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ უზრუნველყო.
- “ქართულმა ოცნებამ”, არა აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რომელი მაღალჩინოსნის ხელით, მიხეილ კალანდია პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე შესწირა პაიკის სახით, რითაც მიიღო პოლიტიკური სტაბილურობა – მიხეილ კალანდიას გამართლების შემთხვევაში ისევ აქციები ჰქონდა გარანტირებული, ხოლო შეწირვის შემთხვევაში კი აქციების რესურსი მიხეილ კალანდიას და მის ოჯახს არ გაჩნდა. ამ შეწირვას დიდი პერსპექტივა აქვს თავად შეწირულისთვის – პაიკად შეწირული მიხეილ კალანდია, დიდი ალბათობით, დედოფლად გადაიქცევა და “ქართული ოცნების” დროებით მოგებული პარტია კატასტროფად მიუბრუნდება უკან”, – აცხადებს თოდუა.