“დაკავების კადრებში იღიმის” – რატომ აბრალებენ სააკაშვილს ნარკოდამოკიდებლებას

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ნარკოდამოკიდებულებას იმიტომ აბრალებენ, რომ ის დაკავების კადრებში იღიმის. მისი განცხადებით, ასეთი შთაბეჭდილება მხოლოდ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს არ დარჩენია.

“დაკავების კადრები, რომელიც ნახეთ, გახსოვთ? სააკაშვილი იღიმის და მარტო გაღიმებაზე არ არის, აქ შეიძლება ადამიანმა შეფასება გააკეთოს. არ მგონია, რომ პრემიერ-მინისტრი ერთადერთია, რომელსაც ეს შთაბეჭდილება დარჩა, თუნდაც იმ კადრების ნახვის დროს, რომელიც დაკავებას უკავშირდება. მე ასე მგონია და მგონია, რომ მართალი ვარ. ჩემს ირგვლივ ბევრი ადამიანი ვნახე, რომელიც ამაზე პირდაპირ საუბრობდა, გამიგეთ?!”,– ამბობს ის პალიტრანიუსის ეთერში.

სარჯველაძე განმარტავს, რომ ნარკოდამოკიდებულება კლინიკური შემთხვევა, თუმცა პერსონალური მონაცემების გამჟღავნების პრინციპები სხვაგვარია იმ ადამიანების მიმართ, ვის მიმართაც მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს.

ცნობისთვის, დღეს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავის წერილში კონსპირაციული თეორია განავითარა, რომ სააკაშვილი ქვეყანაში ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, თუმცა “ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა”.

ამ განცხადებას გამოეხმაურა სააკაშვილის ადვოკატი და თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი ჩააბარებს ნარკოტესტს, თუ ამაზე ღარიბაშვილიც თანახმა იქნება.