დაკავებულმა 13 წლის გოგოს შანტაჟის გზით გაშიშვლება აიძულა – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 13 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 19 წლის მამაკაცი დააკავეს.

კერძოდ, დაკავებულმა სოციალური ქსელში, ვიდეოზარების საშუალებით 13 წლის გოგოს გაშიშვლება აიძულა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენებით დაემუქრა.

“2024 წლის მაისში, ბრალდებულმა არასრულწლოვანი დაზარალებულის 17 წლის დას და მამინაცვალს 13 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის ვიდეო-ფაილები გადაუგზავნა. ასევე, დაზარალებულის დასაც მოსთხოვა მის წინაშე გაშიშვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალებულის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრა. უარის მიღების შემდეგ ბრალდებულმა სოციალური ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა დაზარალებულ არასრულწლოვანთან ვიდეოზარებით კომუნიკაციისას გადაღებული ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები.

დაზარალებული არასრულწლოვანის დედის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება მყისიერად წარმართა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მის მობილურ ტელეფონში, ნანახი იქნა 13 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერები, რომლებიც მტკიცებულების სახით იქნა ამოღებული”. – ნათქვამია განცხადებაში.

ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.