დანიელსონთან ვისაუბრეთ, რომ პირველი რიგის ამოცანაა მელიასა და რურუას გათავისუფლება – გიგაური

“საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, კრისტიან დანიელსოთან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრეს. მისი თქმით, საუბარი ძირითადად შეეხო პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხს.

“ვსაუბრობდით იმაზე, რამდენად ღრმა კრიზისშია ჩვენი ქვეყანა და მათ აინტერესებდათ რა შეიძლება იყოს აქედან გამოსავალი. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაფიქსირეთ, რომ ძალიან რთული ვითარება არის და ასევე, ვთქვით, რომ კომპრომისული შეთანხმება უნდა შედგეს მხარეებს შორის. კომპრომისის გარეშე კი, შეუძლებელია შეთანხმება შედგეს.

ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ პირველი რიგის ამოცანაა, მელიას და რურუას გათავისუფლება, ვისაუბრეთ ამ საქმეების დეტალებზე და შესაბამისად, ეს ინფორმაცია მივაწოდეთ. ასევე, ვსაუბრობდით იმაზე, რამ გამოიწვია ეს კრიზისი. ეს კრიზისი გამოიწვია იმან, რომ ჩვენთან დემოკრატიული ინსტიტუტები არ ფუნქციონირებს. ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული რეფორმები და ასევე, იმან რომ ძალაუფლება არის კონცენტრირებული ერთი პარტიის ხელში”, — განაცხადა გიგაურმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, გიგაურის განმარტებით, “ეს პარტიების პოზიციაა, შესაბამისად ამაზე არ გვისაუბრია”