თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერით პოლიტიკური კრიზისი დასრულდა.
“საქართველოს მეგობრების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით დასრულდა პოლიტიკური კრიზისის ეტაპი. ამ ხელმოწერით პროცესი დაიძრა და იმედს ვიტოვებ, რომ თითოეული პოლიტიკოსი, ამჯერად მაინც, სწორად დაალაგებს თავის პრიორიტეტებს ქვეყნის, ხალხის ინტერესების გათვალისწინებთ.
ჩვენ დაგვეხმარნენ, რომ ჰაერში გამოკიდებული პოლიტიკური ცხოვრება სწორ კალაპოტში მოქცეულიყო. ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების სწორად წარმართვა ახლა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრების წინაშე.
ვისურვებდი, დღევანდელი დღე მართლაც იქცეს “საქართველოს წინსვლის გზად” და ამისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მეგობრებს – ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, მის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს, ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, ყველას, ვინც ჩართული იყო მოლაპარაკებების პროცესში”,– წერს კალაძე Facebook–ზე.
ცნობისთვის, გუშინ ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს. დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. მას ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ.