დედის ინფორმაციით, რეზო კიკნაძე, 5 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს

რეჟიმის ტყვე, რეზო კიკნაძე 5 დღეა შიმშილობს.ამის შესახებ, სასამართლო პროცესის დაწყებამდე გახდა ცნობილი. კიკნაძის პროტესტის საფუძველი ის გახდა, რომ პროცესებზე მოსამართლე მას საუბრის საშუალებას არ აძლევს.

“სიტყვის თქმის უფლება არ მისცა მოსამართლემ [წინა პროცესზე] და მაშინ ძალიან განიცადა და ამბობს, რომ სიტყვა მაქვს დაწერილი და მინდაო, რომ ვისაუბროო და არ მაძლევენ უფლებასო. ამ მიზნით პროტესტის ნიშნად ვიწყებ შიმშილსო. სთხოვეს მეგობრებმა, ციხის უფროსმაც, მაგრამ არაო, უნდა ვიშიმშილოო და სასამართლოზე მოვალ ნაშიმშილარიო. აქვს მომზადებული სიტყვა და უნდა ის დღეს თქვას სასამართლოზე”  – ამბობს რეზო კიკნაძის დედა. 

ცნობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე დღეს მხარეების მიერ წარდგენილ მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს.  მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე განიხილავს. დღესვე გაირკვევა, დატოვებს თუ არა მოსამართლე რეჟიმის 11 ტყვეს პატიმრობაში.