“დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, კარგი მმართველობა უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ვამკვიდრებთ ევროპულ ნორმებსა და სტანდარტებს. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირის/შენგენის სივრცეში, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენს საზოგადოებებს და ხალხებს შორის მჭიდრო კავშირების დასამყარებლად. თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბაზარში ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას მივაღწიოთ. ქვეყნის მოდერნიზაცია ევროპული სტანტარტების შესაბამისად, მთელ რიგ სექტორებში შეუქცევადი გახდა. შეუქცევადი სწრაფვა ევროპული დემოკრატიის მშენებლობისა და შესაბამისად, ევროკავშირის წევრობისკენ საქართველოს გამთლიანებისკენ გადადგმული ნაბიჯია”

განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა ევროკავშირში გასაგზავნი განაცხადის ხელომოწერისას, რომლითაც ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭებას ითხოვს.