დიალოგის დეტალებზე ვერ გაკეთდება განცხადება, პარტნიორებთან შევთანხმდით – კობახიძე

ევროპელი დიპლომატის კრისტიან დანიელსონისა და ქართული ოცნების ლიდერების შეხვედრა დასრულდა.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან აქვთ შეთანხმება, რომ დიალოგის დასრულებამდე, დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.

“ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დიალოგი დასრულდება წარმატებით. ქართული ოცნება, როგორც კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა და მმართველი პარტია, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და პარტნიორების წინაშე, გააკეთებს ყველაფერს, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით.

რაც შეეხება დიალოგის დეტალებს, ამასთან დაკავშირებით შეთანხმებაც გვაქვს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, დიალოგთან დაკავშირებით ვერ გაკეთდება ვერც ერთი განცხადება. უახლოეს დღეებში დიალოგი გაგრძელდება, მას შემდეგ რაც დასრულდება ეს დიალოგი, მერე გაკეთდება განცხადება დეტალებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებში შუამავლობისთვის ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა.