დიალოგს ვაგრძელებთ იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც გუშინ აქ მოისმინეთ – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში შეხვედრების შემდეგ აცხადებს, რომ ოპოზიციასთან დიალოგი გაგრძელდება, თუმცა ევროკომისიის ოფიციალური პოზიციის გათვალისწინებით.

“დღეს მქონდა ევროპარლამენტში შეხვედრები, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები. იმ ხალხთან, რომელიც არიან დაინტერესებული საქართველოს უკეთესი მომავალით. ყველას საერთო, კონსოლიდირებული რჩევა არის შემდეგი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ საერთო ენა და პოლიტიკური ცხოვრება ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში. ყველაში ვგულისხმობ ყველას. არავის არ დაუფიქსირებია განსხვავებული პოზიცია.

ჩვენ, რა თქმა უნდა, დიალოგს ვაგრძელებთ, მაგრამ ყველა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც თქვენ გუშინ აქ მოისმინეთ, ის განცხადებები რომელიც არის ბატონი ბორელის, ბატონი ვარჰელის, ეს არის ევროკომისიის ოფიციალური პოზიცია. აქედან გამომდინარე, კითხვები, რომელიც უკავშირდება არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელზეც ჩვენ ბოლო ანგარიში ვნახეთ ოდირის, მოვისმინეთ ევროკავშირის განცხადებები, რეალურად გამორიცხავს ყოველგვარ კითხვას, რომელიც ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან მომდინარეობს”,– ამბობს ღარიბაშვილი.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის “კონსტრუქციული ნაწილი” პარლამენტში უნდა შევიდეს.

“ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ სააკაშვილს და მის რადიკალურ ზრახვებს, მე მჯერა იმ კონსტრუქციული, სახელმწიფოებრივად მოაზრონე ოპოზიციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ და შეუერთდებიან პარლამენტს. იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე ჩვენი მოსახლეობისთვის იყოს უკეთესი”,– აღნიშნა პრემიერმა.