დიდი შანსია პროკურატურაში ბერა ივანიშვილი დაიბარონ, დაახვედრონ ტორტი, ხინკალი, ყავა, ვისკი – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
„შეიძლება იმ კომისიამაც ვერ გამოიძიოს, მაგრამ დავიბარებთ ბიძინა ივანიშვილსაც, ბერა ივანიშვილსაც, ირაკლი ღარიბაშვილსაც და ანზორ ჩუბინიძესაც. დავიბარებთ და არცერთ მათგანს არ აქვს უფლება საპარლამენტო დროებით კომისიას უარი უთხრან მოსვლაზე. ოპოზიცია ამ შანსს და შესაძლებლობას ზურგს აქცევს იმიტომ, რომ ჩვენ ვთქვით, მე და ლევან იოსელიანმა და ჩვენი პარტია რომ არის ინიციატორი. ქვეყანა თუ გიყვარს რა ელისაშვილის და იოსელიანის სიძულვილი გალაპარაკებს, ადექი და თქვი – კი, შემოვალ, დავიბარებ ბერა ივანიშვილს და დავკითხოთ პირდაპირ ეთერში, მთელი ქვეყნის გასაგონად. ასეთი ქვეყანა მინდა მე, ასეთი ქვეყნისთვის ვიბრძვი. ამის შანსი გვაქვს, სხვა შანსი გამოძიების არ არსებობს! პროკურატურაში დიდი შანსია დაიბარონ ბერა ივანიშვილი, იქ დაახვედრონ ტორტი, ხინკალი, ყავა, ვისკი, კონიაკი. დაკითხვის გარდა, ყველაფერს მოუწყობენ.”- განაცხადა ელისაშვილმა.