თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი – ქვეყნის 4 დიდ ქალაქში შესვლა და გასვლა დღეიდან ისევ იკრძალება. ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე ორდღიანი ვადა მათთვის, ვისაც ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნება სურდა, გუშინ საღამოს 21:00 საათზე ამოიწურა.
შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი ორშაბათს ამოქმედდა, შესაბამისად, მთავრობის დადგენილებით, უკვე სრულადაა დაშვებული მანქანების გადაადგილება და ტაქსების ოპერირება. თუმცა, მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ დილის 6:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე. ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ ძალაშია. მოქალაქეებს საღამოს 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე როგორც ავტომობილით, ასევე ფეხით, ქუჩაში გადაადგილება ეკრძალებათ.