“დღის ბოლომდე არცერთი ტერორისტი ცოცხალი აღარ იქნება“–ისრაელის კონტრშეტევა ჰაერიდან და ხმელეთზე ჰამასის წინააღმდეგ

Israeli soldiers work to secure residential areas following a mass-infiltration by Hamas gunmen from the Gaza Strip, in Sderot, southern Israel October 7, 2023. REUTERS/Ammar Awad

ისრაელის არმია და სპეცრაზმი ბრძოლებს აწარმოებს პალესტინელებთან,რომლებიც დღეს დილით ქვეყნის ტერიტორიაზე  ხმელეთით, ზღვითა და საჰაერო გზით შეაღწიეს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათი ამოცანა ქვეყნის ტერიტორიის ტერორისტებისგან გაწმენდაა.  ქვეყანაში საომარი მზადყოფნა გამოცხადებული, დაიწყო რეზერვისტების საყოველთაო მობილიზაცია.

ისრაელის თავდაცვის არმიის წარმომადგენელმა, რიჩარდ ხეხტმა სიენენ–ს უთხრა, რომ დღის ბოლომდე ისრაელში არცერთი ტერორისტი ცოცხალი აღარ დარჩება.

“კონცენტრირებული ვართ ჩვენი ძალების გადარჩენაზე იქ, სადაც საბრძოლო მოქმედებები გრძელდება და ამ ტერორისტებთან ბრძოლაზე, და იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე ისრაელში ცოცხალი ტერორისტი აღარ დარჩება“–თქვა მან  ამერიკულ ტელეარხთან ინტერვიუში.

ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, სხვადასხვა ადგილებზე სპეცრაზმი იბრძვის, მეხანძრეები კი ზოგიერთ ტერიტორიაზე კონტროლს ამყარებენ და წმენდენ.

გარდა ამისა, ხეხტის განცხადებით დილიდან არმიის დასახმარებლად ათობით ათასი რეზერვისტია ჩართული.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობის საგანგებო სხდომა გამართა.

მისი თქმით, არმიის უპირველესი მიზანია „ტერიტორიის გასუფთავება შეჭრილი მტრის ძალებისგან და უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენა თავდასხმის ქვეშ მყოფ ქალაქებში“. მან დასძინა, რომ მეორე მიზანია მტერმა გადაიხადოს უზარმაზარი ფასი, მათ შორის ღაზას სექტორში.

მისი თქმით, ქვეყანა ასევე გააძლიერებს თავის საზღვრებს, რათა შეაჩეროს სხვები , არ დაუშვან შეცდომა და არ შეუერთდნენ ამ ომს.

პარალელურად ისრაელმა დაიწყო ღაზას სექტორის ტერიტორიაზე ჰამასის ბოევიკების დაბომბვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცაჰალმა ბოევიკების 17 სამხედრო კომპლექსი და 4 ოპერატიული შტაბი დაბომბეს.

პალესტინის ჯანდაცვის მინისტრის თქმით ღაზას სექტორში მოკლულია მინიმუმ  198 პალესტინელი, დაჭრილია 1610. მინისტრი არ აკონკრეტებს, კონკრეტულად სად და რა ვითარებაში დაიღუპნენ ეს ადამიანები და არიან თუ არა მათ შორის ჰამასის მებრძოლები.

 

ისრაელის ავიაციამ ღაზაზე საპასუხო დარტყმების განხორიელება ავიაციით დაიწყო. ოპერაციაში ათობით თვითმფრინავი მონაწილეობს. თავად ღაზაში, განსაკუთრებით ისრაელის მოსაზღვრე რაიონებში ადგილობრივი მოსახლეობა სახლებს ტოვებს და საზღვრისგან მოშორებით უსაფრთხო ადგილებს ეძებს.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა საომარი მზადყოფნა მას შემდეგ, გამოაცხადა რაც დღეს დილით ისლამისტური დაჯგუფება ჰამასის ათობით ბოევიკმა მოულოდნელად შეაღწია ისრაელის სამხრეთში და რამდენიმე საზღვრისპირა დასახლებაში შევიდა.

მანამდე ისრაელის მიმართულებით ღაზას სექტორიდან  ათობით რაკეტა გაუშვეს, რასაც მთელი ქვეყნის მაშტაბით საჰაერო განგაში მოჰყვა.ზოგიერთმა რაკეტამ თელ–ავივამდეც მიაღწია.

სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ნგრევის და ხანძრების ამსახველი კადრები.

საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აქრობენ ებრაელი მეხანძრეები ხანძარს ქალაქ აშკელონში, სადაც დამწვარ ავტომობილებს ძლიერი კვამლი ასდის.

ბოევიკები ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთით, ზღვით და საჰაერო გზით შევიდნენ

ისრაელის არმიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს იყო კომბინირებული შეტევა. მებრძოლების ნაწილი ისრაელის ტერიტორიაზე პარაპლანების გამოყენებით შევიდა, რისი ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო. მისმა შეიარაღებულმა ფრთამ განაცხადა, რომ ისრაელის მიმართულებით 20 წუთში 5 000 რაკეტა გაუშვეს. თუმცა მოგვიანებით ისრაელის შეიარაღებული ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ რაკეტების რაოდენობა 2500 იყო.

მალევე გავრცელდა ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გენშტაბის ხელმძღვანელი სიტუაციის შეფასებას აკეთებს და ჰამასი აუცილებლად აგებს პასუხს ამ ქმედებებისთვის. ამავე განცხადებაში ღაზას სექტორის მომიჯნავე რაიონების მაცხოვრებლებს თავშესაფრებში დარჩენა სთხოვეს, სამხრეთის და ცენტრალური რაიონების სამოქალაქო პირები კი ვალდებულნი არიან თავშესაფრების მიმდებარე ტერიტორიები არ დატოვონ.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმით და ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე ქალაქებში შეჭრით „მძიმე შეცდომა“ დაუშვა.

„დღეს დილით ჰამასმა სერიოზული შეცდომა დაუშვა და დაიწყო ომი ისრაელის წინააღმდეგ. ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს!“ – ნათქვამია გალანტის განცხადებაში.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, რომლებზეც , როგორც ამტკიცებენ, აღბეჭდილია ტყვედ ჩავარდნილი ისრაელის სამხედროები. თუმცა, ბევრ მათგანს არა სამხედრო, არამედ სამოქალაქო ტანსაცმელი აცვია. ზოგი ნახევრად შიშველია.

ამ ჩანაწერების ნამდვილობის შემოწმება ჯერჯერობით შეუძლებელია. ზოგიერთ ფოტოზე და ვიდეოზე ჩანან ტყვედ ჩავარდნილი ქალები.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით ტყვედ ჩავარდნილი ებრაელი სამხედროები მანქანებით ღაზას სექტორში გაყავთ.

ისრაელის ხელისუფლება ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. ჰამასის წარმომადგენელმა კი ალ ჯაზირას განუცხადა, რომ დატყვევებული ისრაელელები არა მძევლები, არამედ სამხედრო ტყვეები არიან.

სააგენტო ფრანს პრესის ინფორმაციით, ღაზას სექტორში ასობით ადამიანი ისრაელის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებიდან გარბის, ისრაელის არმიის საპასუხი დარტყმების შიშით.

საერთაშორისო მიმომხილველების თქმით, ის, რაც დღეს დილიდან ხდება, ბოლო 15 წლის განმავლობაში არ მომხდარა, ანუ მას შემდეგ, რაც ღაზას სექტორს ჰამასი მართავს.

თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე თვის მანძილზე ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბულობა და ძალადობის დონე იზრდებოდა.

თუმცა,  ეს ძირითადად დასავლეთ სანაპიროზე, იერუსალიმსა და იორდანიის საზღვარს შორის მდებარე  იმ ტერიტორიებს ეხება, რომლებიც ისრაელმა 1967 წელს დაიკავა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ჰამასის ბოევიკების თავდასხმის შედეგად ისრაელის ტერიტორიაზე 700-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ვრცელდება ინფორმაცია მინიმუმ 40 დაღუპულის შესახებ.

მოძრაობა ჰამასმა გამოაქვეყნა კადრები, რომლებზეც ჩანს 14 ადამიანის ცხედარი. ამტკიცებენ, რომ ესენი არიან დივერსანტების მიერ მოკლული სამხედროები.