ეგვიპტის სასაზღვრო–გამშვები პუნქტი გაიხსნება–ბლინკენი ეგვიპტის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დღეს განაცხადა, რომ ღაზასა და ეგვიპტეს შორის საკონტროლო–გამშვები პუნქტი, რაფაჰი გაიხსნება. ეს განცხადება ბლინკენმა ეგვიპტის პრეზიდენტთან, აბდელ ფათაჰ ას–სისისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“რაფაჰი გაიხსნება. გაეროსთან, ეგვიპტესთან, ისრაელთან და სხვებთან ერთობლივად ჩვენ ვქმნით მექანიზმს, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნება დახმარების მიღება და მათი იმ ადამიანებისთვის მიწოდება, ვისაც ეს ჭირდება.“– თქვა ბლინკენმა.

ისრაელმა ღაზასთან ორი საკონტროლო–სასაზღვრო პუნქტი დაკეტა და ტერიტორიის სრული ბლოკადა დააწესა. შედეგად, რაფაჰის საკონტროლო–გამშვები პუნქტი ერთადერთ და რეალურ გზად რჩება ღაზას ანკლავიდან ხალხის გასაყვანად და იქ ტვირთების შესატანად. თუმცა ამ დრომდე ისიც შეზღუდულად მუშაობს.

მოლაპარაკებებში იმის შესახებ, როდის და რა მაშტაბით  გაიხსნება საკონტრლო პუნქტი, რამდენიმე ქვეყნის ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ.

ბლინკენმა დღეს ასევე განაცხადა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ თურქეთში აშშ–ს ყოფილი ელჩის, დევიდ სატერფილდის დანიშვნის შესახებ დახმარების აღმოსაჩენად ძალისხმევის კოორდინაციის ხელმძღვანელად. ბლინკენმა განაცხადა, რომ სატერფილდი ისრაელში ორშაბათს ჩავა და საკითხების კოორდინირებას დაიწყებს.

ბლინკენი, რომელიც ამ დღეებში რეგიონულ ლიდერებს, მათ შორის საუდის არაბეთის, ბაჰრეინის და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ლიდერებს შეხვდა, ამბობს, რომ მას ძალიან კარგი საუბრები ჰქონდა როგორც ეგვიპტის ლიდერთან, ასევე საუდის არაბეთის პრინცთან, მუჰამედ ბენ სალმანთან.

მან დასძინა,რომ ყველა ქვეყანა, ვისაც ის ესაუბრა იზიარებს აშშ–ს ადმინისტრაციის მიზანს – ესკალაციის პრევენციას და სამოქალაქო პირებისთვის დახმარებას.

ბლინკენის განცხადებით აშშ მხარს უჭერს ისრაელის თავდაცვის უფლებას, თუმცა იმედი აქვს, რომ ისრაელის რეაგირება იმგვარი იქნება, რომელიც დაადასტურებს საერთო ფასეულობებს, რაც მათ აქვთ ადამიანის სიცოცხლესა და ღირსებასთან მიმართებაში.

“მნიშვნელოვანია, როგორ გააკეთებს ამას ისრაელი. მან ეს უნდა გააკეთოს ისე, რომ დაადასტუროს ჩვენი ერთობლივი ფასეულობები ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების პატივისცემასთან დაკავშირებით და სიფრთხილის ყველა ზომა მიიღოს, რათა თავიდან აიცილოს სამოქალაქო მოსახლეობისთვის ზიანი. სამოქალაქო პირები არ უნდა იტანჯებოდნენ ჰამასის სიმხეცის გამო.“–თქვა ბლინკენმა.

აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ აშშ იქნება ისრაელის გვერდით “დღეს, ხვალ, და ყოველდღე.“

ბლინკენი ირწმუნება, რომ აშშ–ს მოიერიშე ჯგუფების მიზანი,  რომლებიც რეგიონში არიან მობილიზებული, არ არის რაიმეს პროვოცირება. ისინი უბრალოდ მკაფიო სიგნალს გზავნიან შეკავებისთვის, რომ არავინ უნდა გააკეთოს ისეთი რამ, რაც ამ კონფლიქტს გააფართოებს ან ხელს შეუწყობს ისრაელის წინააღმდეგ აგრესიას ნებისმიერი სხვა მიმართულებიდან:

“არავინ უნდა გააკეთოს ისეთი რამ, რაც ცეცხლზე ნავთს დაასხამდა ნებისმიერ სხვა ადგილზე. მგონი ეს სრულიად ცხადია“–დასძინა მან.