ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივების შემოსავლები უკრაინის არმიისთვის იარაღის შესაძენად უნდა გამოვიყენოთ–ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივების შემოსავლები უკრაინის არმიისთვის იარაღის შესაძენად უნდა იქნას გამოყენებული.

“დროა დავიწყოთ საუბარი გაყინული რუსული აქტივების მაშტაბური შემოსავლების გამოყენებაზე უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის ერთობლივად შესაძენად. არ არსებობს უფრო ძლიერი სიმბოლო და უფრო გონივრული ხერხი ამ თანხების დასახარჯად, ვიდრე უკრაინისა და მთელი ევროპის უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევა“– თქვა ფონ დერ ლაიენმა.

თებერვლის დასაწყისში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს საკუთარი გადაწყვეტილება უკრაინისთვის 2024–2027 წლებში 50 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ და განაცხადეს, რომ კიევის დაფინანსების  ერთ–ერთი გზა შეიძლება გახდეს ევროპულ ქვეყნებში გაყინული რუსული აქტივებიდან შემოსავლები.

ევროკავშირმა, აშშ–მ, იაპონიამ და კანადამ 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ცენტრობანკის 300 მილიარდი დოლარის  ღირებულების აქტივები გაყინეს. აქედან დაახლოებით 200 მილიარდი ევროპაში ინახება, ძირითადად ბელგიურ საანგარიშსწორებო ცენტრ  Euroclear-ში.

ცოტა ხნის წინ სააგენტო როიტერმა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ევროკავშირი სავარაუდოდ არ მოახდენს რუსული ცენტრობანკის აქტივების კონფისკაციას, რადგან ევროპელი ჩინოვნიკები ამ იდეას იურიდიული თვალსაზრისით მეტისმეტად სარისკოდ თვლიან.

დასავლური მედიის ინფორმაციით, ბელგია უკვე ისედაც იღებს გადასახადებს რუსული აქტივების შენახვის გამო.

ოქტომბერში ბელგიის პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ ამ გზით მათ უკვე მიიღეს 1.7 მილიარდი ევრო, რომელიც მისი თქმით, უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებისთვის უნდა იქნას გამოყენებული.