„ევროპული საქართველოდან“ წასული პოლიტიკოსები ახალ პარტიას აფუძნებენ. პარტიის სახელწოდება იქნება „ფედერალისტები“. პარტიის პრეზენტაცია, ხვალ, 19:00 საათზე გაიმართება.
“ის, რომ ადამიანების, ბავშვების სიცოცხლეს ამ ქვეყანაში ფასი არ აქვს, სისტემური პრობლემაა. მიგვაჩნია რომ ამ პრობლემის გასაღებია ფედერალიზმი.ფედერალიზმი ევროპული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ბუნებრივი წყობაა.ცენტრალიზებული, თავკომბალა სახელმწიფო რუსეთის მიერაა თავსმოხვეული და სანამ ამ ძალმომრეობითი სისტემისგან თავს არ დავიხსნით და რადიკალურ დეცენტრალიზაციას არ მოვახდენთ, შინ – ევროპაში, დასავლურ ცივილიზაციაში ვერ დავბრუნდებით.
ფედერალიზმი მხოლოდ ტერიტორიული მოწყობა არ არის, ის ძალაუფლების გაწონასწორების და შეკავების საუკეთესო სისტემაა – ასეთ სისტემაში თავს ვერავინ გავა.
დეცენტრალიზებულ სისტემაში პოლიტიკოსებს, უმცირეს დონეზეც კი, წონას ანიჭებენ საქართველოს მოქალაქეები, მათი სამსახური სჭირდებათ პოლიტიკოსებს ასარჩევად და არა ბელადებისთვის და ოლიგარქებისთვის მიძღვნილი ქათინაურები.
ერთი სიტყვით – ჩვენი ეროვნული და ინდივიდუალური პრობლემების გასაღებია ფედერალიზმი, ასე დავბრუნდებით შინ ევროპაში და ამიტომ დავირქვით”, – აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.