ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო რეჟიმის წესები დაარღვია, უარყოფს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გასაჯაროებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მინისტრი ავტომობილის წინა სავარძელზე ჯდება, თუმცა ეს ფაქტი არ წარმოადგენს კანონდარღვევას.
„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო რეჟიმის წესები დაარღვია, არ შეესაბამება სიმართლეს. გასაჯაროებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მინისტრი ავტომობილის წინა სავარძელზე ჯდება, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ფაქტი არ წარმოადგენს კანონდარღვევას, რასაც ადასტურებს საქართველოს მთავრობის №181-ე დადგენილების მე-2 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტი და მე-14 მუხლი. რომლის მიხედვითაც, შეზღუდვა არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი და საკარანტინო ღონისძიების განმახორციელებელი უწყებების უფლებამოსილი მოსამსახურეების გადაადგილებაზე. 7. საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, თუ სატრანსპორტო საშუალების სალონის მოწყობა აღნიშნულის შესაძლებლობას იძლევა. სატრანსპორტო საშუალებით სამზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვა არ ეხება ამ დადგენილების შესაბამისად დაშვებულ M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა სპეციალურ რეგულარულ გადაყვანას. ამ წესის დარღვევისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი და საკარანტინო ღონისძიების განმახორციელებელი უწყებების უფლებამოსილი მოსამსახურეების გადაადგილებაზე,“ – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ავტომობილის წინა სავარძელზე ჯდება.