” ახლა „ნაცებს“ და „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს ძალიან უხარიათ ეს ინციდენტი, რადგან ამ დღეებში მცდელობების კასკადი იყო, ვიღაცა პროვოკაციაზე წამოეგოთ და მოახერხეს ”- ასე ეხმაურება, მმართველი გუნდის ლიდერი, მამუკა მდინარაძე დმანისში მომხდარ დაპირისპირებას.
„მე რაც ვიცი, იქ მოხდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედება. რაც არ უნდა პროვოკაცია ყოფილიყო, რაც გასაგებია რომ ასე იყო, ამას რაც არ უნდა საფუძველი ჰქონოდა, დანაშაულს გამართლება არ აქვს. ამ ქვეყანაში, არავინ დააფარებს ხელს თუ კონკრეტული დანაშაულის ნიშნები სადმე არის და ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს არის. დარწმუნებული ვარ, შსს და პროკურატურა თავის საქმეს გააკეთებენ. არავინ აპირებს დაიცვას ადამიანი მხოლოდ იმის გამო, რომ ის პროვოკაციაზე წამოაგეს, თუ მას კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი და ის ასეც იქნება. დარწმუნებული ვარ, ახლა „ნაცებს“ და „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს ძალიან უხარიათ ეს ინციდენტი, იმიტომ, რომ ამ დღეებში, მცდელობების კასკადი იყო, რომ ვიღაცა პროვოკაციაზე წამოეგოთ და ამ შემთხვევაში, მოახერხეს. ძალიან უხარიათ, მაგრამ გასახარად საქმე არავის აქვს იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ადამიანები არიან დაზიანებულები ვისი მომხრეებიც არ უნდა იყვნენ, მეორე – არავინ აპირებს ხელის დაფარებას. დარწმუნებული ვარ, მტკიცებულებების მინიმალური სტანდარტი, რაც ბრალდებისთვისაა საჭირო შეიქმნება თუ არა , იმ წამსვე მოხდება რეაგირება“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, დმანისში, დაპირისპირებისას ორი პირი დაჭრეს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების ინფორმაციით, სოფელ განთიადში დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით არის დაჭრილი.