ერდოღანის ყველაზე დიდი მარცხი ისტორიაში. რატომ წააგო თურქეთის პრეზიდენტმა ადგილობრივი არჩევნები და რა ემუქრება ახლა მის ძალაუფლებას

თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია, რომელსაც პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხელმძღვანელობს, მოულოდნელი მარცხი განიცადა კვირას გამართულ ადგილობრივ არჩევნებში, რომელიცღრმა ეკონომიკური კრიზისის ფონზე ჩატარდა . რას ნიშნავს ეს დრამატული დანაკარგი ერდოღანისთვის, რომელმაც დაკარგა კონტროლი თურქეთის ყველა დიდ ქალაქზე?

მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ – რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ  ქვეყნის მასშტაბით ხმების 37,8% მიიღო, ხოლო ერდოღანის პარტიამ 35,5%, იტყობინება Anadolu Agency.

ბევრმა ექსპერტმა ამ არჩევნებს უწოდა “ერდოღანის ყველაზე დიდი მარცხი ისტორიაში”.

მისმა მთავარმა კონკურენტმა არა მხოლოდ შეძლო ერდოღანის ხელისუფლებაში ყოფნის 21 წლის განმავლობაში პირველად ეროვნულ კენჭისყრაში მისი პარტიის დამარცხება. მან ასევე მიიღო ყველაზე მეტი ხმა მრავალი ათწლეულის განმავლობაში. როგორ გახდა ეს შესაძლებელი?

ეკონომიკური პრობლემები: ჰიპერინფლაცია და მოსახლეობის უკმაყოფილება

მთავარი ფაქტორი, რამაც ხელი შეუწყო მმართველი პარტიის დამარცხებას, იყო ქვეყანაში არსებული ღრმა ეკონომიკური კრიზისი.

ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც ცხოვრების ღირებულებამ მკვეთრი მატება დაიწყო მხოლოდ 2022 წლიდან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, თურქეთში ეკონომიკური კრიზისი 2018 წლიდან გრძელდება. ქვეყანაში ინფლაცია 65%-ს აჭარბებს, ხოლო ეროვნულმა ვალუტამ ლირამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ღირებულების 80% დაკარგა.

თურქეთის მთავრობას პრეზიდენტ ერდოღანის მეთაურობით ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ ვერ ხვდება, რამდენად რთულია ეს ჩვეულებრივი ადამიანებისთვის.

„მმართველმა პარტიამ დააგვიანა ეკონომიკური კრიზისის დამანგრეველი შედეგების აღიარება“, – ამბობს ანკარის ჰაჯი ბაირამ ველის უნივერსიტეტის პროფესორი ბაჰადირ თურქი.

მან დასძინა, რომ 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერდოღანი და მისი პარტია “ზედმეტად ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი კრიზისიდან გამოსავლის შესახებ”.

“ვფიქრობ, ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ერდოღანმა და მისმა პარტიამ დაუშვეს”, – ამბობს პროფესორი თურქი.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიცია ბევრს საუბრობდა ცხოვრების გაძვირების პრობლემაზე.

სტამბოლის პოპულარული მერი ეკრემ იმამოღლუ, რომელიც არჩევნებში სამართლიანობის და განვითარების პარტიის კანდიდატის წინააღმდეგ იბრძოდა, აქტიურად იყენებდა ლოზუნგს „ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს სიღარიბეს“. შედეგად, მან დიდი გამარჯვება მოიპოვა და კიდევ ხუთი წლით აირჩიეს.

იმამოღლუ

იმამოღლუმ, ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის წარმომადგენელმა, ერდოღანი დაადანაშაულა „ეკონომიკის კანონების თავდაყირა დაყენებაში“.

ერდოღანი ზედიზედ მესამე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად 2023 წელს და კამპანიის დროს ის ხალხს ეკონომიკის აღდგენას დაპირდა. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, 2024 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩევლებმა უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს არა პირადად ქვეყნის პრეზიდენტის, არამედ მთლიანად მმართველი პარტიის მიმართ.

„ამომრჩეველისთვის ადვილი არ არის ლიდერებისადმი ემოციური მიჯაჭვულობის გაწყვეტა. მაგრამ ადგილობრივ არჩევნებზე მათ ხმა უნდა მიეცათ არა ლიდერისთვის [ერდოღანი], არამედ პარტიისთვის. და ამ არჩევნებში მათ სურდათ გამოეხატათ უკმაყოფილება პარტიის მიმართ“, – ამბობს სტამბოლის ოზეგინის უნივერსიტეტის პროფესორი ევრენ ბალტა.

ოპოზიცია აფართოებს თავის ბაზას

მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ შეინარჩუნა ძალაუფლება თურქეთის უდიდეს ქალაქებში, მათ შორის სტამბულში, ანკარასა და იზმირში და მოიპოვა ძალაუფლება რამდენიმე სხვა ცენტრში, მათ შორის ბურსაში, ქვეყნის სიდიდით მეოთხე ქალაქში.

მან დიდი პოპულარობა მოიპოვა თურქეთის ტრადიციულად კონსერვატიულ ცენტრალურ რეგიონებშიც კი –  ამ მოვლენას მრავალმა კომენტატორმა უწოდა “წითელი ტალღა“–ეს არის ფერი, რომლითაც პარტიის წარმატებები აღინიშნა რუკებზე.

რესპუბლიკური სახალხო პარტია შეიქმნა თანამედროვე თურქეთის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ 1923 წელს და არის სეკულარული პოლიტიკური ძალა ნაციონალისტური პოზიციით. მისი ტრადიციული ამომრჩევლები საშუალო კლასის წარმომადგენლები არიან და დიდ ქალაქებში ცხოვრობენ.

თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის დაარსების დღიდან, კონსერვატორები და ერთგული მუსლიმები განიხილავდნენ რესპუბლიკურ სახალხო პარტიას, როგორც საფრთხეს მათი ისლამური სათნოებისა და ღვთისმოსაობის ღირებულებებისთვის.

თავის მხრივ, პარტიამ დაადანაშაულა კონსერვატიული პოლიტიკური ჯგუფები, მათ შორის სამართლიანობისა და განვითარების პარტია ისლამისტური იდეების პროპაგანდაში. რელიგიურ და საერო თემებს შორის განხეთქილება ათწლეულების მანძილზე თურქეთის პოლიტიკაში განმსაზღვრელი ფაქტორია.

თუმცა, ბოლო წლებში ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ პოპულარობა მოიპოვა უფრო კონსერვატიულ და რელიგიურ მოქალაქეებშიც კი – და ეს იყო მისი ამჟამინდელი გამარჯვების ერთ-ერთი მიზეზი.

„2017 წლიდან, 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ მიმართა კონსერვატორებთან შერიგების პოლიტიკურ სტრატეგიას და დაასრულა განხეთქილება“, – ამბობს პროფესორი ბალტა.

სტამბულში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც ხელი შეუწყო იმამოღლუს გამარჯვებას, იყო ქურთული თემის მხარდაჭერა. მისმა წევრებმა ხმა მისცეს მოქმედ მერს, თუმცა კენჭისყრაში იყო პროქურთული მწვანე მემარცხენე პარტიის წარმომადგენელი.

ბალტა დარწმუნებულია, რომ ქურთული თემის წევრებმა გადაწყვიტეს სტრატეგიული ხმის მიცემა.

„ერთის მხრივ, არის ერდოღანის პარტია, გამარჯვების სერიოზული პრეტენდენტი, რომელიც მათ „ტერორისტულ დაჯგუფებას“ უწოდებს. მეორე მხრივ, არის იმამოღლუ და რესპუბლიკური სახალხო  პარტია, რომელიც ქურთებს თანასწორ მოქალაქეებად ექცევა. ამიტომ მათ რაციონალური არჩევანი გააკეთეს და ხმა მისცეს იმამოღლუს“, – განმარტავს ბალტა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც დაეხმარა ოპოზიციას ამ არჩევნებში, იყო  ამომრჩევლებისთვის თავისი გზავნილის მიწოდების უნარი. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში მედიის უმეტესობას მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სააგენტოებიაკონტროლებენ , ეს კონტროლი არ შეიძლება ჩაითვალოს აბსოლუტურად.

პრეზიდენტ ერდოღანს ხშირად ადანაშაულებენ მედიის მონოპოლიზებაში და ავტორიტარული რეჟიმის დამყარებაში. მაგრამ ბალტა გვახსენებს, რომ ავტორიტარიზმი შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ხარისხით.

„თურქეთში მედიაზე ან პოლიტიკურ პარტიებზე კონტროლი არასოდეს ყოფილა ისეთი, როგორიც რუსეთში – და არც იქნება“, დარწმუნებულია ის. „აქ ჯერ კიდევ დიდი პოლიტიკური კონკურენციაა და აქ არის ოპოზიცია, რომელსაც აქვს ხალხთან საუბრის ინსტრუმენტები და უნარი.

ნიშნავს თუ არა ეს პრეზიდენტ ერდოღანის მმართველობის გარდაუვალ დასასრულს?
მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანის პარტიამ სერიოზული მარცხი განიცადა, ექსპერტები ამბობენ, რომ მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დასრულებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

ერდოღანის პრეზიდენტობა 2028 წელს დასრულდება. 31 მარტის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ამჟამინდელი საპრეზიდენტო ვადა მისთვის ბოლო იქნებოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანმა აღიარა, რომ ეს იყო შესანიშნავი არჩევნები ოპოზიციისთვის, ის რჩება მთავარ ძალად თურქეთის პოლიტიკაში და აქვს მნიშვნელოვანი გავლენა“, – ამბობს პროფესორი თურქი. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთში ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის ის კვლავ ძალიან პატივსაცემი და საყვარელი ფიგურაა“.

თურქის თქმით, გასულ წლებში ერდოღანის პარტიის წარმატება უზრუნველყოფილი იყო ჰარმონიული კავშირით „ერდოღანის ქარიზმატულ ძალასა და პარტიული ბიუროკრატიის მუშაობას შორის“. „მაგრამ მეჩვენება, რომ ასეთი ჰარმონია თანდათან იშლება და ამას ადგილობრივი არჩევნების შედეგები აჩვენებს“, – მიიჩნევს ექსპერტი.

ახლად არჩეული სტამბულის მერი ეკრემ იმამოღლუ ახლა პრეზიდენტობის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლება, თუმცა არჩევნებში მონაწილეობის განზრახვა ჯერ არ გამოუცხადებია. პროფესორ ბალტას თქმით, მერის თანამდებობის შენარჩუნებით იმამოღლუ აძლიერებს თავის პოტენციალს, როგორც საპრეზიდენტო შესაძლო კანდიდატისას.

ხელისუფლებაში ყოფნის ორი ათწლეულის განმავლობაში ერდოღანმა გააფართოვა თავისი პოლიტიკური გავლენა თურქეთის ფარგლებს გარეთ. მან წარმოაჩინა საკუთარი თავი, როგორც შუამავალმა რუსეთსა და უკრაინას შორის და 2022 წელს დაეხმარა ხელშეკრულების გაფორმებას უკრაინული სურსათის ექსპორტის აღდგენის შესახებ; პრეზიდენტმა ასევე გააფართოვა თურქეთის სავაჭრო კავშირები აფრიკისა და აზიის ბევრ ქვეყანასთან; მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა ახლო აღმოსავლეთში.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ადგილობრივ არჩევნებში ასეთმა მძიმე მარცხმა შესაძლოა „შეარყიოს მისი საერთაშორისო ლეგიტიმაცია“.

„იმამოღლუ პირობას დებს, რომ შექმნის ფუნქციონალურ დემოკრატიულ სისტემას. ჩვენ შეიძლება მოწმენი გავხდეთ ფინანსური, კულტურული და პოლიტიკური კავშირების გაძლიერებისა ოპოზიციასა და მსოფლიო ძალებს შორის“, – ვარაუდობს ბალტა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს ერდოღანის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დასასრულად, ის სერიოზულ გამოწვევას შეუქმნიან მის ძალაუფლებას. თავად თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა– „31 მარტი ჩვენთვის დასასრული კი არა, გარდამტეხი მომენტია“.

ერდოღანი პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისი მომხრეების მხარდაჭერის დასაბრუნებლად. მაგრამ კენჭისყრის შედეგებით წახალისებული ოპოზიცია წარმატებას გამოიყენებს საკუთარი გავლენის გასაფართოებლად იმ მუნიციპალიტეტებს მიღმა, სადაც გამარჯვება მოიპოვა და შეეცდება გაძლიერდეს, როგორც ხელისუფლების რეალური პოლიტიკური ალტერნატივა.