“ეს არ იქნება მზიას განაჩენი, იქნება ყველასი, ვინც მონაწილეობს უსამართლობაში” – განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ახლახან ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო პროცესზე მივიდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე მზია ამაღლობელის დასკვნითი სხდომა გაიმართება. შესაძლოა, მოსამართლემ განაჩენი დღეს გამოაცხადოს.
“მოლოდინი მაქვს, როგორც ყოველთვის და ბოლომდე იმის, რომ სამართალი მაინც იზეიმებს, თუმცა ამის საფუძველი არავის მოუცია ჩემთვის ჯერჯერობით. მთავარი ის, რაც ყველამ უნდა ვიცოდეთ – თუ დღეს დადგა განაჩენი, ეს იქნება განაჩენი არა მზიასი, არამედ ეს იქნება განაჩენი ყველა იმ ადამიანის, რომელიც მონაწილეობს ამ უსამართლობაში, მონაწილეობდა პირველი დღიდან და რომელიც პასუხისმგებელი იქნება მთელი ქვეყნის, ისტორიის წინაშე იმაზე, რაც დღეს გადაწყდება. ცხადია, ეს არის მედიის მიმართ მიზანმიმართული ქმედება, მაგრამ ამავდროულად, ეს არის ქვეყნის მიმართ. დღეს მზია არის საქართველოს სიმბოლო”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.