ეუთოს სამიტზე, ლავროვმა 2008 წლის ომს, აშშ-ს პროვოკაცია უწოდა

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ეუთოს მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა  2008 წლის ომს აშშ-ის მიერ პროვოცირებული უწოდა.

NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებმა საკუთარი ხელით დაანგრიეს ეუთოს სამხედრო პოლიტიკური განზომილება. 1999 წელს NATO-მ განახორციელა აგრესია იუგოსლავიის წინააღმდეგ, 2008 წელს კი გაეროს რეზოლუციის დარღვევით სერბეთს წაართვეს კოსოვო, ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე. იგივე ქვეყნებმა ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიიტყუეს თბილისი და კიევი წევრობაზე, ამას ერთი მარტივი მიზეზი ჰქონდა – დაეგეშათ რუსეთის წინააღმდეგ.

სააკაშვილმა კი ბუქარესტში მიცემული კარტბლანში მაშინვე აამუშავა. იმავე წლის აგვისტოში გასცა ბრძანება, დაებომბათ სამხრეთ ოსეთის ქალაქები და სამშვიდობოების პოზიციები, რომლებიც იქ ეუთოს თანხმობით იმყოფებოდნენ. ამ პროვოკაციებს ამზადებდა შეერთებული შტატები, როდესაც წამოიწყო იქ წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა. რაც ვაშინგტონმა ასწავლა, სააკაშვილმაც გულმოდგინედ შეასრულა.

უკრაინაში ანტირუსული პლაცდარმის შესაქმნელად შეერთებულ შტატებს მეტი რამ დასჭირდა. 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალება და 8-წლიანი სისხლისღვრა დონბასში. დასავლელი პოლიტიკოსების ნამდვილი ზრახვები გამოაშკარავდა მაშინაც, როდესაც ვაშინგტონსა და ბრიუსელში უარყვეს რუსეთის მიერ წარდგენილი წინადადებები ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. ჩვენთან ლაპარაკიც კი არ მოისურვეს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.