ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ქართველი ხალხი ლაჩარი და გამყიდველი ერი არ არის – კანცელარიასთან აქცია მიმდინარეობს

კანცელარიასთან, საპროტესტო აქცია დაიწყო – მოქალაქეები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას აპროტესტებენ  და აცხადებენ, რომ თუ ბევრი რამის გაკეთება არ შეგვიძლია უკარინისთვის,  თანადგომა მაინც უნდა გამოვხატოთ.

ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან.

“ვაპროტესტებთ ჩვენი ხელისუფლების სამარცხვინო პოზიციას, რომ საქართველო დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ უერთდება!უკრაინა ჩვენი მოძმე ერია, ბოროტების იმპერიას ერთად ვებრძვით და მიგვაჩნია, რომ ჩვენი სამშობლოს ასეთი პოზიცია არის ლაჩრული, უღირსი და ჩვენი ქვეყნის შემარცხვენელი. მეგობრებს გასაჭირში მარტო არ ტოვებენ და თუ ბევრი რამის გაკეთება არ შეგვიძლია, სულ მინიმუმ თანადგომა მაინც უნდა გამოვხატოთ!!! ქართველი ხალხი ლაჩარი და გამყიდველი ერი არ არის და რომ საქართველოს მოსახლეობა სხვანაირად ფიქრობს!” – ნათქვამია  აქციის ორგანიზატორი მოძრაობა სირცხვილიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.