“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ განცხადებს ავრცელებს და გმობს ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას.
პარტიის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და მიმართულია არა მხოლოდ უკრაინის სახელმწიფოებრიობის რღვევისა, არამედ, საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლისკენ.
“აღნიშნული ქმედება არის პუტინის მილიტარისტული ექსპანსიონიზმის გაგრძელება, რისი ნაწილიც არის 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია, საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობითი ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმის ანექსია, ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ოკუპაცია.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. უკრაინა და საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და თავად ირჩევენ, რომელ საერთაშორისო ალიანსებში გაერთიანდებიან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პუტინის არაკანონიერ და აგრესიულ ქმედებებს მოყვება დასავლური სახელმწიფოების გადამწყვეტი და მყისიერი რეაგირება.
თავისუფალი სამყაროს კოორდინირებულ პასუხი – რუსეთის წინააღმდეგ დაუყოვნებლივი, ყოვლისმომცველი სანქციები და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება გამოიწვევს აღიარების საფრთხეების მინიმიზაციას, შეაკავებს რუსეთის სამხედრო აგრესიას და შექმნის წინაპირობას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის”,– წერია პარტიის განცხადებაში.