“ვერავინ დაუშლის ქრისტიანს ქრისტესთვის მოკვდეს, მაგრამ არავის აქვს უფლება სხვების სიცოცხლე საფრთხის წინაშე დააყენოს“–ზაზა ფირალიშვილი

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი აფასებს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, არ შეწყვიტოს ღვთისმსახურება და სასულიერო პირების მოწოდებას მრევლმა ტაძრებში იაროს. მისი აზრით, ყველას აქვს ინდივიდუალური არჩევანის უფლება, თუმცა არავის აქვს უფლება სხვისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენოს ან მისცეს ტყუილი იმედი, რომ საფრთხე არ ემუქრება:

“გულწრფელად ვამბობ: ძალიან მიჭირს იმის თქმა, რასაც ახლა დავწერ.
ვერავინ დაუშლის ქრისტიანს ქრისტესთვის მოკვდეს. ქრისტიანობის ძალა იმთავითვე ეს იყო: ერთეულთა უნარი, სიხარულით შეხვედროდენ სიკვდილს და თავის ღმერთს. ეკლესია იმთავითვე ამ ადამიანების ძალას ეყრდნობოდა. ცხადია, არაქრისტიანებისათვის ეს გაუგებარი იყო. მათ არ ესმოდათ, რომ ქრისტიანებისათვის სიკვდილი არ იყო ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება დამართნოდათ, რადგან არ იცოდნენ სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი ღმერთი. დღესაც ასეა.

მაგრამ, სულო ცოდვილო და, არ მახსენდება, ოდესმე სასიკვდილო საფრთხის წინაშე მყოფ წამებულებს ერთმანეთისათვის უდიდესი რამის – ღვთის სასუფევლის გარდა რაიმე სხვა იმედი მიეცათ, მითუმეტეს, სასწაულებრივ უსაფრთხოებას დაპირებოდნენ და რაიმე ისეთი გაეკეთებინათ, რაც სხვებს სასიკვდილო საფრთხის წინაშე დააყენებდა. მათ იცოდნენ, ვინ არის სიცრუის მამა და რომ ასეთი ტყუილი საფუძველშივე მოსპობდა ეკლესიის მიმართ ნდობას.
თუ ვინმე მზად არის ქრისტეს გზა გაიაროს და მისთვის მოკვდეს, მისი ნებაა. ქედს ვიხრი მის წინაშე. მაგრამ თუ ეს მავანი საკუთარ თავსაც და, მითუმეტეს, სხვებსაც უსაფრთხოებასა და სასწაულებრივად გადარჩენას ჰპირდება, და მოუწოდებს, მომყევითო, ის მართალს არ ამბობს და საფრთხის წინაშე აყენებს ეკლესიას.


ეპიდემიას მრავალი ჭეშმარიტი ქრისტიანი შეუწირავს. სწორედ ახლა გავიგე, რომ მეოთხე საუკუნეში პახუმი დიდი შავი ჭირის ეპიდემიის გამო გარდაცვლილა 135 მონაზონთან ერთად. მათ არ ჰქონიათ სასწაულებრივი გადარჩენის იმედი და ცრუ დაპირებით არ წაუქეზებიათ ერთმანეთი. არც ის მოუვიდოდათ აზრად, სხვებისთვისაც მოეწოდებინათ, არ შეშინებოდნენ სენს. საიდუმლოთა აღსრულება არ არის მიწიერი წარმატების მომტანი მაგიური რიტუალი. ასეთი გულუბრყვილო ჯადოსნობა მათთვის, როგორც ქრისტიანებისათვის, უცხო იყო. მათ დაინახეს, რომ უფალთან შეყრის დრო მოვიდა და რწმენით შეხვდნენ მას.


ჩინეთში ეპიდემიების დროს დაავადებულთა მოვლისას ათასობით ქრისტიანი მისიონერი იღუპებოდა. მათ კარგად იცოდნენ თავისი ნაბიჯის ფასი.


მესმის, როგორი მიუღებელი იქნება ბევრისთვის ეს აზრი, მაგრამ მაინც მე, საერო პირი, ვბედავ და ვამბობ: ვფიქრობ, კარგად უნდა გვესმოდეს, რისთვის მივდივართ ზიარებაზე: სასწაულებრივი უსაფრთხოების იმედით, თუ კარგად გააზრებით იმისა, თუ რა შეიძლება ამას მოჰყვეს და მზად ვართ თუ არა. დარწმუნებული ვარ, არიან მცირედნიც, ვინც მზადაა. ისინი ამ ნაბიჯს დგამენ მიუხედავად მოსალოდნელი შედეგებისა და არა სასწაულებრივი უსაფრთხოების გარანტიით. ალბათ, სწორედ ესაა რწმენა. ასეთები თავს უფლებას არ მისცემენ, სხვებსაც იმავესკენ მოუწოდონ, მითუმეტეს, უსაფრთხოების გარანტია მისცენ და საჯაროდ იხმაურონ ამის შესახებ. ცალკეულმა შეიძლება ქრისტესთვის სიცოცხლე დათმოს, რადგან იცის, რომ უფრო დიდი სიცოცხლე ელის, მაგრამ უფლება არა აქვს, სხვების სიცოცხლე საფრთხის წინაშე დააყენოს, თანაც სასწაულს დაჰპირდეს ან დააშინოს, რომ თუ ახლა არ ეზიარება, სამარადისო ტანჯვა ელის.
უფლის წინაშე წარმდგარი ადამიანი მარტოა. საჯარო ჟრიამულში და კოლექტივისტურ ვნებებში ეს ვერ მოხდება.


სასწაული შეიძლება მოხდეს, შეიძლება – არა. ეს ღვთის ნებაა და არაფრით არ არის დაკავშირებული ზიარების საიდუმლოს ჭეშმარიტებასთან.“– ამბობს ზაზა ფირალიშვილი.