ლანა ბერძენიშვილი, 51 წლის, თბილისი
დედობა ძალიან რთულია ჩვენს კულტურაში.
იმის გამო, რომ ჩემს შვილებს ვერ უგებდნენ, ტალახი ხშირად მომხვედრია. პირველად, ჩემი უფროსი შვილის, სალომეს აქტივიზმის გამო მესროლეს ტალახი. მახსოვს, მაშინ ჯავრს კინაღამ გადავყევი. თან, სკოლაში პედაგოგად ვმუშაობდი და ისე მრცხვენოდა იმ ხალხის, ვინც დედობასა და შვილის გაზრდას მიწუნებდა, სიკვდილს ვნატრობდი. მერე სალო დამიჯდა და რაღაცებზე სხვა თვალით შემახედა. მივხვდი, რომ ჩვენ შორის ერთადერთი ბარიერია – ის სხვა თაობაა, მე – სხვა. ძნელია, უცებ გადააბიჯო იმას, რაც წლობით მოგყვება და ტრადიციებს ვეძახით, მაგრამ მცდელობა, ახალი თვალით შეხედო ამ განვითარებას, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. მთავარი შვილის მოსმენა და მისი გაგებაა – მე მჯერა ჩემი შვილისა და მისი საქმიანობის. როგორც მე გავზარდე სალომე, ასევე ცდილობს ისიც ჩემს აღზრდას და მეხმარება, ცხოვრებას განახლებული მზერით შევხედო.
ტალახი მეორედ სოფის გარდაცვალების შემდეგ მესროლეს, როცა ჩემი, როგორც დედის გლოვა, ხალხისთვის საკმარისად ტრაგიკული არ გამოდგა.
სოფის ”ჩემი სიბერის შვილს” ვეძახდი. ქმარს რომ გავშორდი და უფროსი შვილები – სალომე და საბა საცხოვრებლად ცალკე გადავიდნენ, მე და სოფიმ მარტო დავიწყეთ ცხოვრება. ფინანსურად რთული პერიოდი დამიდგა – პედაგოგის ხელფასი მაღალი არ არის და თან, არდადეგების პერიოდშიც უხელფასოდ ცხოვრობ. ამიტომ, მე და ჩემს დას იდეა დაგვებადა, ყვავილების მაღაზია გაგვეხსნა. ეს საქმე შევისწავლე, შესანიშნავი თაიგულები გამომდიოდა და ჩვენმა საქმიანობამაც მალევე გაამართლა, თუმცა იოლი გზა არ ყოფილა – შუაღამეზე მივდიოდი ყვავილების ბაზარში, ახალი მცენარეები რომ მეყიდა, მაღაზიაში მიმქონდა, თაიგულებს ვაწყობდი და დილით, სკოლაში გავრბოდი გაკვეთილების ჩასატარებლად. ხანდახან ყვავილის ფოთოლი ან ფასის მისაკრავი შემომრჩებოდა პალტოზე და მოსწავლეები მაცლიდნენ. ამ შრომის შედეგად, ეკონომიკურად ისე მოვძლიერდით, რომ მე და სოფიმ ახალი საქმიანობა გავიჩინეთ: ვყიდულობდით საკვებს, მეგობრებში სხვადასხვა ნივთებს ვაგროვებდით, რომელიმე სოფელში, ცენტრის მაღაზიასთან ჩამომსხდარ ადგილობრივებს გამოვკითხავდით, ვის უჭირდა იმ მიდამოებში ყველაზე მეტად, მივდიოდით, არც კი გამოვჩნდებოდით, ისე ვუტოვებდით ნობათს და უკან ვბრუნდებოდით.
როგორია ცხოვრება, არა?! როცა ყველაზე მეტად გიხარია და ფიქრობ, რომ ყველაფერი დაალაგე, შენც და შენი შვილებიც ჯანმრთელად და კარგად ხართ, მაშინ გიმტყუნებს. სოფი 16 წლის იყო, როცა ექსკურსიის დროს, სკოლისა და მასწავლებლების გაუფრთხილებლობით, მოლაშქრეთა ურთულეს გზაზე ტრაგიკულად დაიღუპა.
გასულ წელს, მეთერთმეტე კლასის დამთავრების შემდეგ, სკოლამ გადაწყვიტა, ბავშვები ექსკურსიაზე წაეყვანა ლაგოდეხის ნაკრძალში. ისეთი ლოკაცია შეარჩიეს, რომელიც სპეციალურად აღჭურვილი გამოცდილი მოლაშქრეებისთვისაა, ამაზე ადგილობრივი რეინჯერებიც საუბრობენ. ასეთ ადგილას, მხოლოდ სამი მასწავლებელი გაჰყვა 18 ბავშვს. როცა ბავშვები ჩანჩქერთან დაბანაკდნენ, ორი მასწავლებელი იქ არ იმყოფებოდა – საკვების მოსატანად იყვნენ წასული. იმ საფრთხეების შესახებ, რაც ჩანჩქერში ბანაობას შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ბავშვებს ინფორმაცია არ ჰქონდათ და იქ არც ინსტრუქტორი და მეთვალყურე იყვნენ. იმ ადგილას ჩანჩქერი ტბორს აკეთებს, ზედ მდინარე გადაედინება და ქვევით სამმეტრიან წყალვარდილს ქმნის. ამ წყალვარდნილის ბოლოში, მდინარის ფსკერზე, დიდი ლოდია. ტბორში ბანაობისას, სოფი წყალვარდნილს გადაჰყვა, ლოდის ქვეშ აღმოჩნდა, ჩანჩქერის ძალამ გამოსასვლელი გზა ჩაუკეტა და ვეღარ გამოაღწია. მოგვიანებით, ადგილობრივებისგან გავიგეთ, რომ ამ ლოდის ქვეშ მოქცევის გამო, კიდევ ბევრი ადამიანი დაღუპულა და ეს ადგილი, როგორც საფრთხის შემცველი, ისეა მონიშნული. იქ ბავშვები ინფორმაციისა და უფროსების მეთვალყურეობის გარეშე აღმოჩნდნენ. სოფი მეორე დღეს გარდაცვლილი იპოვეს.
ალბათ, ძალიან უხერხული იქნება იმის ახსნა, რას განიცდის დედა ასეთ დროს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი გლოვა საზოგადოების აღქმას ვერ მოერგო და ასეთ მძიმე დროს, ისევ ტალახის სროლის სამიზნე აღმოვჩნდი. ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად უძლებს და გამოხატავს ტკივილს. მე ვერ ვითამაშე ლოგინად ჩავარდნილი დედის როლი, რომლის ნახვაც ასე უნდოდათ და ვერ მაპატიეს, ფეხზე რომ დავდექი, რომ დავდიოდი და კვლავ რომ დავჯექი საჭესთან. საზოგადოებას სუსტისა და დაცემულის ნახვა უფრო სჭირდება და მხოლოდ ასეთები ეცოდებათ. ერთის მხრივ, ხალხი გეუბნება, რომ უნდა გამაგრდე, გამხნევდე, ცხოვრება გააგრძელო, მაგრამ თუ გაძლიერებულსა და გამხნევებულს დაგინახავენ, იქვე წამოგაძახებენ, რომ თურმე, შენი ბრალია, რაც დაგემართა, რომ მეტს იმსახურებ და დედად ვერ ივარგე. თითქოს, შენი შვილი მათ უფრო უყვარდათ.
მახსოვს, რა დღეში ჩავვარდი, როცა ქუთაისის საკრებულოს წევრმა ქალმა, სოლიდარობის ნაცვლად, დაწერა, რომ თურმე, ჩვენი ოჯახი სალომეს აქტივიზმის გამო ღმერთმა დასაჯა. მაგრამ ”ადამიანებშიც” მოიძებნებიან ადამიანები: იმ დღეებში სწორედ მათ მომცეს ძალა, ვინც თანაგრძნობისა და გამხნევების წერილებს მწერდნენ, მათ შორის, სრულიად უცხო ადამიანები. შეიძლება, წარმოდგენაც არ აქვთ, როგორ დამეხმარა მათი თანადგომა იმ უმძიმეს პერიოდში.
სოფის გარდაცვალების შემდეგ ინერციით ვცხოვრობდი. ჩემთვის ფეისბუქი იყო ტკივილისა და რეალობისგან გაქცევის შესაძლებობა – აქ მქონდა სივრცე, სადაც მას პირველ პირში ვესაუბრებოდი. „ფეისბუქზე რა გინდა, წადი, შენი შვილი იგლოვე!“; „დედამისი სად ეგდო, ექსკურსიაზე ვერ წაყვა და მიხედა?!“ – ეს ის ფრაზებია, ხშირად რომ ვაწყდებოდი სოციალურ ქსელში უცხო ადამიანებისგან და დანაშაულის გრძნობას მიჩენდა, ისევ იმ ფიქრთა ჯაჭვში მაბრუნებდა – ნეტა, ისე რომ ყოფილიყო, ნეტა, ასე მომხდარიყო, არ გამეშვა, მეც გავყოლოდი… და ბოლოს, ეს ჯაჭვი ერთ დიდ სიძულვილად იქცეოდა საკუთარი თავის მიმართ – მე რატომ ვიყავი ცოცხალი და სოფი კი, აღარ…
საკუთარი თავისთვის ხშირად დამისვამს კითხვა – რატომ ვეზიზღები ადამიანებს? რა დავთესე ისეთი, ამხელა სიძულვილი რომ დავიმსახურე? ან, რატომ დამსაჯა უფალმა მაშინ, როცა მეც და სოფიც სიკეთეს ვაკეთებდით და გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს ვეხმარებოდით. მერე ცოტა სხვა თვალით შევხედე ამ ყველაფერს – ღმერთმა შექმნა სამყარო და ადამიანებს უთხრა, მიხედეთ თავს და ერთმანეთს გაუფრთხილდითო. ღმერთი არ არის დამსჯელი ჯალათი, როგორც ეს ადამიანებს წარმოუდგენიათ. ის გვაძლევს გონებას, რომ დიდი პასუხისმგებლობით გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვასაც.
სოფი უპასუხისმგებლობასა და გაუფრთხილებლობას ემსხვერპლა.
უკვე ერთი წელია, ამ ტრაგედიაში ჩართული მასწავლებლების პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენეთ სასამართლოში. აქაც მადანაშაულებენ, როგორ შემიძლია, ციხეში გავუშვა ადამიანები, ეს ხომ შვილს ვერ გამიცოცხლებს?! ჩემთვის ეს ბრძოლა პრინციპული საკითხია. ამ ადამიანების დაუდევრობითა და გაუფრთხილებლობით, მე ნივთი არ დამიკარგავს, შვილი დავკარგე და ამაზე პასუხი უნდა აგონ. ერთმა ადვოკატმა მკითხა, თუ დედას შვილი ხელიდან გაუსხლტა და მანქანა დაეჯახა, დედა უნდა დაისაჯოს თუ არაო. მე ვიტყოდი, რომ კი, ასეთ დროს დედამ უნდა აგოს პასუხი – როცა ვერ ამოიცნობ საფრთხეებს და შვილს შესაძლო უბედურ შემთხვევას ვერ აარიდებ, ეს დაუდევრობაა.
ჩვენ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას მივეჩვიეთ, სადაც არავინ არაფერზეა პასუხისმგებელი. მე ბავშვი სკოლას ჩავაბარე, რომელმაც ისე დაგეგმა ექსკურსია, არცერთ ეტაპზე არ გაუთვალისწინებია არსებული საფრთხეები და უსაფრთხოების ნაბიჯები არ დაუგეგმავს. მიუხედავად არსებული რისკებისა, თუ სკოლა მაინც გადაწყვეტს ასეთ ადგილას წასვლას, მშობლებმა ზედმიწევნით უნდა იცოდნენ ამ რისკების შესახებ და თავად გადაწყვიტონ, გაჰყვნენ შვილს თან თუ საერთოდ არ გაუშვან. როგორც ლიტერატურას უნდა ასაკის მიხედვით შერჩევა, ექსკურსიებიც ასეთი გათვლებით უნდა დაიგეგმოს. ჩემი მიზანია, სასამართლოში საქმის დაწყებით, შეიქმნას ისეთი პრეცენდენტი, რომელიც სხვებში ამ პასუხისმგებლობის გრძნობას გააჩენს და სხვა ადამიანებს აარიდებს მსგავს უბედურ შემთხვევებს.
სოფის მამა
ჩვენს საზოგადოებაში რაც ქალს არ ეპატიება, ის კაცისთვის თავისუფლადაა ხელმისაწვდომი. ასე მოხდა სოფის მამის შემთხვევაში. 9 წლის იყო სოფი, როცა მამამ ქუდი დაიხურა და სახლიდან წავიდა. თანაცხოვრებისას, ოჯახში დიქტატორი იყო, თავისუფლებას გვიზღუდავდა, რამდენჯერ მიფიქრია, რომ აი, ახლა ავდგები და წავალ, მაგრამ ვცდილობდი, მის სახელს მოვფრთხილებოდი. სახელი, მიუხედავად ტირანული ხასიათისა, კარგი ჰქონდა. მისი ცუდიც კი არავის ეჯერა. ბოლოს, დამასწრო და თვითონ წავიდა. ქუჩაში გასვლისაც ძალიან მრცხვენოდა, მიტოვებული ქალის სირცხვილით ვიწვოდი. ამ დროს სალომე ძალიან დამეხმარა და ეს სირცხვილის გრძნობა მომაშორებინა. სოფის ყოველთვის ძალიან ენატრებოდა მამა, რომელიც მას იშვიათად ნახულობდა. შემოვიდოდა სახლში და უცებ ბუზღუნით მეტყოდა – „დედააა, მამა მომენატრა!“, თუმცა ძალიან გაბრაზებული იყო მისი საქციელის გამო, ყურადღებას რომ არ აქცევდა – მამის ჯიბრზე, ჩემს გვარზეც მოინდომა გადმოსვლა. სოფის ამბავი რომ გავიგეთ, მამამისი იმ დღეს არ მოვიდა, ნასვამი ვარ და საჭესთან ვერ დავჯდებიო.
——————————————-
სოფი ჩემთვის ცოცხალივითაა. რაღაცნაირად მშვიდად ვარ. ვგრძნობ, რომ ახლოსაა და სულ ვესაუბრები. უფრო და უფრო ნაკლებად მადარდებს, რას იტყვის ხალხი. სიტუაციებს წარმოვიდგენ ხოლმე, ახლა როგორ მოიქცეოდა, რას მეტყოდა, როგორ გადაძვრებოდა ფანჯრიდან და ნერვებს ამიშლიდა.
ქველმოქმედებას ისევ დავუბრუნდი. ახლა ხალხის დასახმარებლად სოფლებში მარტო დავდივარ. ძალას ისევ შრომა მაძლევს. როცა ჩემი ყვავილების მაღაზიაში უცხო შემოივლის და სოფიზე დამელაპარაკება, მიკვირს და მიხარია, ამდენი ადამიანი იცნობდა ჩემს შვილს და უყვარდათ. საცხოვრებელი სახლი გამოვიცვალე, წარსულის გახსენებას ხელი რომ არ შეეშალა, ცხოვრება გამეგრძელებინა. ბევრს ვკონტაქტობ ახალი სამეზობლოს ბავშვებთან – კორპუსის ეზოში, ჩემი სახსრებით გავუკეთე საქანელები ასაკის მიხედვით, ქვიშა დავუყარე და ნაგავსაყრელისგან მინი რანჩო გავაკეთე, ეთნოელემენტებით, სადაც ხშირად მოდიან და ფოტოებს იღებენ. ბავშვებსაც უხარიათ ჩემთან ურთიერთობა, რადგან ცხოველები მყავს და ისინიც სწავლობენ მათ სიყვარულს.
ახლა ოთხნი ვცხოვრობთ: მე, ნაპოვნი ცალთვალა ფისო, შეკედლებული ცუგა მიმი და სოფის დატოვებული ძაღლი – ბლექი.
ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: გედა დარჩია
პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალები საქართველოდან“ (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები: გედა დარჩია, ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი, სოფო აფციაური) მიერ.
პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.