ვერ ვხედავთ კრიტიკულ გავლენას უსაფრთხოებაზე – IAEA ჩერნობილზე

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, უკრაინამ მათ აცნობა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის გამო რადიაციული გაჟონვის საფრთხეზე, თუმცა უსაფრთხოებაზე კრიტიკულ გავლენას ვერ ხედავენ.

“უკრაინამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) აცნობა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შესახებ. სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი ამბობს, რომ ეს არღვევს ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდებისთვის უსაფრთხოების ძირითად ნორმებს. ამ შემთხვევაში IAEA ვერ ხედავს კრიტიკულ გავლენას უსაფრთხოებაზე”. – წერია განცხადებაში, რომელსაც სააგენტო ტვიტერზე ავრცელებს.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო მინისტრმა, დმიტრო კულებამ დაწერა, რომ არსებობს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის გაჟონვის საშიშროება, რადგან ოკუპირებულ სადგურს ელექტროენერგია არ მიეწოდება.