ვეტოს მოლოდინი მისმა მწვავე განცხადებამ გააჩინა – თოლორაია პრეზიდენტზე

სახელმწიფო ინსპეტორი ლონდა თოლორაია ეხმიანება სალომე ზურაბიშვილის მიერ სამსახურის გაუქმების კანონისთვის ხელმოწერას. მისი თქმით, პრეზიდენტისგან ვეტოს მოლოდინი მისმა მწვავე განცხადებამ გააჩინა.

მისივე შეფასებით, დღევანდელ განცხადებაშიც ზურაბიშვილი არაერთ პრობლემას ხედავს აღნიშნულ კანონში, ამიტომ არ გაუგებარია, რატომ არ გამოიყენა მან ვეტო.

“არ ვიცი, ალბათ, უფრო კონკრეტულად მას უნდა ვკითხოთ, რა გახდა ვეტოს გამოუყენებლობის მიზეზი იმ ფონზე, როდესაც დღევანდელ გავრცელებულ განცხადებაში, ასევე, თავად ხედავს არაერთ პრობლემას ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით და პრობლემები, რომელზეც ის საუბრობდა პირველ განცხადებაში, რეალურად პრობლემად დარჩა, ასევე, ამ შემთხვევაში, ამიტომ თავისთანად ცხადია, ამ ვეტოს მოლოდინი არსებობდა”,– აღნიშნავს თოლორაია ფორმულას ეთერში.

მისივე განცხადებით, არსებობდა საკმარისი საფუძველი ვეტოს გამოსაყენებლად.

“ის რომ კანონი მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით, მაშინ როცა ამის აუცილებლად არ არსებობდა, ის რომ გაუქმდა არჩევითი თანამდებობა, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება არსებობს, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ასეთი გადაწყვეტილებები მიჩნეული. იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამ პროცესში ჩართული არ ყოფილა და ის წარიმართა ყოველგვარი გამჭვირვალობის გარეშე, მე ვფიქრობ, რომ იძლეოდა საკმარის საფუძველს, რომ ვეტო ყოფილიყო გამოყენებული”,– ამბობს სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო არ დაადო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს. მან კანონს დღეს ხელი მოაწერა.