ვინმემ ამიხსნას, რა განსხვავებაა ამნისტიის ერთ ან მეორე კანონპროექტში – ელისაშვილი

“ვინმე ქრისტიანმა ამიხსნას, რა განსხვავებაა ამნისტიის ერთ ან მეორე კანონპროექტში “- – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„გუშინ 6 საათი მიდიოდა სხდომა. ამნისტიის ერთი კანონპროექტი, მერე – მეორე. არ ვარ იურისტი, ძალიან გაფაციცებული ვუსმენდი და სხვა ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, ბოლომდე ვიჯექი, რადგან მაინტერესებდა. თავი ამიდუღდა – არაფერი განსხვავება არ არის. გუშინ დახოცილები წავედით პარლამენტიდან და რისთვის, რა გავაკათეთ? არაფერი. თან ეს ამნისტიის კანონპროექტი არავის არ უნდა არც ერთ მხარეს – ის იძახის ნუ მომახვედრებთ, ეს იძახის ნუ მოვახვედრებთ და ჩვენ გინდა თუ არა თავს ვიკლავთ და ვხოცავთ ერთმანეთს გინდა თუ არა ეს ვერსია თუ ის ვერსია. რაზე ვკამათობდით და ვჩხუბობდით გუშინ, ვერ გავიგე, რა განსხვავებაა ვინმე ქრისტიანმა ამიხსნას ან ერთ კანონპროექტში, ან მეორეში. ყველას ოპოზიცია ვარ, ვინც სიმართლეს არ ამბობს. მე ვიცი, რომ კუჭავამ შესთავაზა „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას კომპრომისული ვარიანტი და თითქმის ყველა იყო თანახმა და თითქმის შეთანხმდნენ და ოპოზიციამ ამოატრიალა. „ლელოც“ და მელოც და იქ ყველანი იმიტომ შევედით, ხალხი ხელფასს იმიტომ გვიხდის და იმდენ ფულს იმიტომ ვიხდით პარლამენტის არსებობაში, რომ ხალხისთვის რეალურ საკითხებზე ვილაპარაკოთ – ამაზე მეშლება ნერვები“, – განაცხადა ელისაშვილმა.