ვინ არის არჩილ გეგენავა, რომელიც სანქცირებულ ლავროვებს ყვარლის ტბაზე მასპინძლობს

ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც სანქცირებული  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები იმყოფებიან,  კვლავ დაძაბული  ვითარებაა. პოლიციამ ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილის გასაპროტესტებლად ყვარელში ჩასული 10-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა. დახშულია სიგნალიც რომლის გამოც პირდაპირი ჩართვის შესაძლებლობა ტელევიზიებს არ ეძლევათ. სასტუმრო “ყვარელი ლეიქ რიზორტთან” გდდ-ის თანამშრომლები არიან მობილიზებული.როგორც “მთავარი არხის” ჟურნალისტი, ირაკლი ბახტაძე იტყობინება, პოლიცია ჟურნალისტებს მობილურ ტელეფონებსაც ართმევს.

”Kvareli Lake Resort • ყვარლის ტბა”, რომელიც  სანქცირებულ სერგეი ლავროვის შვილს, ეკატერინა ლავროვასა და მის ოჯახის წევრებს მასპინძლობს, არჩილ გეგენავას ეკუთვნის. როგორც, ხელოვნებათმცოდნე და „თბილისის ჰამქრის“ წევრი ცირა ელისაშვილი წერს, არჩილ გეგენავა, წინა ხელისუფლების დროს პარლამენტის წევრი და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

”არჩილ გეგენავა, რომელიც დღეს სანქცირებულ ლავროვებს მასპინძლობს თავის კუთვნილ Kvareli Lake Resort • ყვარლის ტბა-ზე, წინა ხელისუფლების დროს პარლამენტის წევრი იყო და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი. სამშენებლო ბიზნესს ლობირებდა. ძველ თბილისში დაძრწოდა და ძეგლის სტატუსის მქონე შენობების მოსახლეობას ეუბნებოდა დავანგრევთ და ახალ კორპუსს ავაშენებთო. ერთ-ერთი ასეთი ობიექტი იყო ჭონქაძის 11, დიახ სპარსეთის საკონსულოს და მირზა რეზა ხანის შენობა!

ამ ნაძირალას ეკუთვნოდა საპარლამენტო ინიციატივა, რომლის მიხედვით ძეგლის სტატუსის მინიჭება-მოხსნის საკითხი კულტურის სამინისტროს ნაცვლად უნდა გადაეწყვიტა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის იმ საბჭოს, რომელიც პროექტებს ითანხმებდა. ამ საკანონმდებლო ინიციატივის შემდეგ მაშინდელმა ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა თქვა, რომ თბილისის 1768 ძეგლიდან, რევიზიის საფუძველზე სიაში მხოლოდ 500 ძეგლი დარჩებოდა.
მოკლედ, გეგენავას მხრიდან ეს იყო თბილისის ისტორიული ნაწილის განადგურების პროექტი! მაშინ ამ პროექტს მთელი ჩვენი ძალებით შევეწინააღმდეგეთ.

ამ გეგენავამ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შესანიშნავად დაალაგა ურთიერთობა “ოცნებასთან”, ისე, რომ მთაწმინდაზე ლადო კახაძის ნაცვლად ოცნება გეგნავას მაჟორიტარ კანდიდატად დაყენებას აპირებდა.

სწორედ, ეს, ახლა უკვე ოცნების ფავორიტი გეგენავა უზრუნველყოფს ოკუპანტების უსაფრთხო მასპინძლობას!

შე, გარეწარო გეგენავა, ვერ გთაგავ, მაგრამ ხომ შემხვდები სადმე (სასურველია ახოსპირელის ჩიხში) და აი იქ დაგემხობა თავზე მთელი ამ წლების რისხვა! ” – წერს ცირა ელისაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ყვარლის ტბაზე სასტუმროში, სანქცირებული  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის  სერგეი ლავროვის სიძის ძმა ქორწილის გადახდას აპირებს.მედიის ცნობით, იქ არიან ლავროვის სანქცირებული შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ქმარი.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციამ აღნიშნული ინფორმაცია უარყო, თუმცა ”მთავარი არხის” ჟურნალისტის და სასტუმრო “ყვარლის ტბის” თანამშრომელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა რა დროსაც სასტუმროს თანამშრომელმა  დაადასტურა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა ნამდვილად მათ სასტუმროში იმყოფება.

“მთავარი არხის” თანამშრომელმა დარეკა “ყვარელი რეზორტში”, თუმცა მათთვის არ უთქვამს, რომ ჟურნალისტი იყო, გაეცნო როგორც კურიერი და უთხრა, რომ ეკატერინა ლავროვასთვის ყვავილები მიჰქონდა. სწორედ ამ დროს დაადასტურა სასტუმროს ადმინისტრაციამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქალიშვილის ყვარელი რეზორტში ყოფნა.