საქართველოს მთავრობამ 3 აგვისტოს დაამტკიცა დადგენილება საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლო უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის შესახებ. დოკუმენტში განსაზღვრულია ბენეფიციართა ექვსი კატეგორია.
დადგენილების თანახმად, სასკოლო ფორმას უფასოდ მიიღებენ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, რომლებიც:
- რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია;
- ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
- განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
- ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
- განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
- 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული საომარი მოქმედებების გამო ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლაში.
პროგრამის ბენეფიციარებს სასკოლო ფორმის ტანსაცმელს გადასცემენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. კომპლექტი ბიჭებისთვის შედგება ერთი პიჯაკისა და ორი შარვლისგან, გოგონებისთვის — ერთი პიჯაკის, ერთი შარვლისა და ერთი ქვედაკაბისგან.



