ვისურვებდით გვეხილა ღაზადან გასასვლელი უსაფრთხო გზები – კირბი

ისრაელის მოწოდებაზე ჩრდილოეთ ღაზას მაცხოვრებლების სამხრეთით ევაკუაციის შესახებ კომენტარი გააკეთა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.

ამერიკული ტელეარხის ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე, სჯერა თუ არა მას, რომ მილიონი ადამიანი შეძლებს ღაზას ჩრდილოეთიდან სამხრეთით 24 საათში გადაადგილდეს, კირბიმ უპასუხა, რომ ეს რთული ამოცანაა:

“ეს ძალიან მოკლე დროის პერიოდია ასეთი რაოდენობის ადამიანების გადაადგილებისთვის. ვაშინგტონს არ სურს ურჩიოს ისრაელს, რა აკეთოს ტაქტიკურ დონეზე, მაგრამ გვესმის, რა მიზეზებით ხელმძღვანელობს ისრაელის თავდაცვის არმია. გვესმის, რომ რის გაკეთებას ცდილობენ.. მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ ცდილობენ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი შეამცირონ. ჩვენ ასევე ვისურვებდით გვეხილა ღაზადან გასასვლელი უსაფრთხო გზები, თუმცა ჯერჯერობით ისინი არ არსებობს.ჩვენ განვაგრძობთ ისრაელთან და ეგვიპტესთან ამ საკითხზე მუშაობა”. – ამბობს კირბი.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ–ს სახელმწიფო მდივანი ისრაელს ღაზას მოსახლეობისთვის უსაფრთხო ზონების შექმნაზე ესაუბრა და ისრაელის თანხმობა მიიღო. სააგენტო ფრანს პრესი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარია რაიმე ტიპის უსაფრთხო ზონების შექმნაზე, სადაც სამოქალაქო მოსახლეობა შეძლებს გადასვლას და იქ დარჩება, სანამ ისრაელის მხრიდან უსაფრთხოების აღდგენის კანონიერი ოპერაციები დასრულდება. წყაროს თქმით, ისრაელი ამ მიდგომას მხარს უჭერს.