ვიღაც ასრულებს რუსულ ოცნებას – ხუხაშვილი მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავებაზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი კომისიის თავმჯდომარისა და წევრის დაკავებას ეხმიანება. მისი თქმით, საზღვრის დემარკაციის დრო “უნდა ამოვდიოდეთ იმ ინტერესიდან, რომ უდაბნოს მონასტერი და ჩიჩხიტურის კოშკი ჩვენთვის მხოლოდ ტერიტორია კი არა, ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად, ის არ ითვლება კვადრატული მეტრებით და დოლარებით, არამედ განუზომელი და შეუფასებელია”.

ხუხაშვილის თქმით, ქვეყანამ უნდა იპოვოს ისეთი კომპრომისი აზერბაიჯანთან, რომელიც პრობლემას გადაჭრის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა საბუთი უნდა მოვიძიოთ ამის დასამტკიცებლად.

“შესაბამისად, აქ პრობლემა არც რუქებშია, არც დემარკაციაში და არც თუნდაც გამოძიებაში.
პრობლემა ახლანდელ კონტექსტში, ფორმაში და შესაბამის ნარატივშია. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ვიღაცამ “გაყიდა” ქართული მიწები, ე.ი. ვამბობთ რომ აზერბაიჯანმა იყიდა, ანუ უკანონოდ მიიტაცა. ეს ხდება ზუსტად მაშინ, როდესაც აზერბაიჯანს აქვს სასტიკი ომი სწორედაც რომ, საკუთარი მიწების დასაბრუნებლად”,– წერს პოლიტიკოლოგი.

ხუხაშვილი ასევე ამბობს, რომ ეს ვითარება წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამს, რომელიც ამ ომში არის მხარე და დაინტერესებულია:

“1. საქართველოში ანტი-აზერბაიჯანული განწყობების შექმნით.
2. აზერბაიჯანში ანტი-ქართული განწყობების შექმნით.
3. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვით”,– აცხადებს გია ხუხაშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას გამოძიება უნდა დაეტოვებინა სამუშაო ვითარების ფარგლებში და არ ექცია “აღვირახსნილი პროპაგანდის” საგნად, შიდა, თუ გარე პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, უკიდურეს შემთხვევაში კი, გადაედო, სანამ ყარაბაღში ცხელი ომის ფაზა დასრულდებოდა.

ხუხაშვილის აზრით, “ვიღაც ასრულებს რუსულ ოცნებას”.

“უნდა გვესმოდეს, რომ ამ ფორმით წარმართული პროცესი ხელს კი არ უწყობს პრობლემის გადაჭრას, პირიქით, აზიანებს და სერიოზული რისკების გენერაციას უწყობს ხელს.
დასკვნა – ვიღაცა ნებსით, თუ უნებლიედ ასრულებს რუსულ ოცნებას – საქართველო-აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური კვანძის გადაჭრას…”,– აცხადებს გია ხუხაშვილი.

გუშინ, 7 ოქტომბერს საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და საბჭოს წევრი, ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.