ვიყავით და ვრჩებით სანქციების შესაბამისობაში! – თიბისი ბანკი

”ვიყავით და ვრჩებით სანქციების შესაბამისობაში” – ამის შესახებ “რადიო თავისუფლებას” თიბისი ბანკის პრესსამსახურმა განუცხადა.

ბანკის პრესსამსახურის თქმით, არ აპირებენ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რაიმე გამონაკლისი დაუშვან იმ ადამიანებზე, რომლებზეც აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს დაწესებული საერთაშორისო სანქციები ვრცელდება.

“აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. შეგვეხება თუ არა შეგვეხება [მოგვიწევს აღსრულება თუ არა] სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. ახლა, როგორც გუშინ, ვართ სანქციების შესაბამისობაში”, – აცხადებენ ბანკში.

ცნობისთვის, გუშინ,  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საგამონაკლისო ბრძანება გამოსცა და ქართული ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.