ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს. ამის შესახებ, ზელენსკი ვიდეომიმართვაში საუბრობს.

“განსაკუთრებით ცინიკურად მიმაჩნია მისი მხრიდან სამხედრო კამუფლაჟის გამოყენება. ასე შენიღბვას ცდილობდა. აი, ასეთი “მებრძოლია”. ასეთი პატრიოტი. მედვედჩუკმა თვითონ აირჩია სამხედრო ფორმა, ის ექვემდებარება საომარი დროის წესებს. ვთავაზობ რუსეთის ფედერაციას ამ თქვენი ბიჭის გაცვლას რუსულ ტყვეობაში მყოფ ჩვენს ბიჭებსა და გოგოებზე. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავებმა და სამხედროებმაც განიხილონ ეს შესაძლებლობა”, – თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვის დროს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში პუტინთან დაახლოებული, რადას პრორუსი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს.

    • “უკრაინის უშიშროების სამსახურმა სპეცოპერაცია ჩაატარა. დეტალებს მალე გაიგებთ“– წერს ზელენსკი.

6 აპრილს კორუფციის საწინააღმდეგო ცენტრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ოლეგ ტატაროვმა ხელი შეუწყო უკრაინიდან დეპუტატ ვიქტორ მედვედჩუკის გაქცევას, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობაში იყო ეჭვმიტანილი და მას რუსული სცენარის ნაწილად ასახელებდნენ, რომლის მიხედვით უკრაინაში ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, მედევდჩუკი კი უკრაინის პრორუს მმართველად სახელდებოდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან სამ დღეში, უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ მედევდჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა.

ვლადიმერ პუტინი  მედვედჩუკის შვილის ნათლიაა.

მედვედჩუკს ლვოვის სასამართლომ 18 მარტს დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა. მას ბრალი ედება სახელმწიფოს ღალატში და ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეწყობაში.