“დღეს კონტაქტი მქონდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივი მისიის ექსპერტებთან, სულ რამდენიმე საათის წინ. ვიცით ორივე მხარის მტკიცებები და განცხადებები… ცოტა ცოტა ხნის წინანდელი ინსპექციის დროს დანაღმვის არანაირი ნიშნები ვერ დავაფიქსირეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ყურადღებით ვართ”,
ამის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ იაპონიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ცნობისთვის, კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლება შიშობს, რომ რუსეთი ატომურ სადგურზე აფეთქების მოწყობას გეგმავს. უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსმა თანამშრომლებმა 5 ივლისისთვის სადგურის დატოვების ბრძანება მიიღეს.
“საფრთხე სერიოზულია. რუსეთი ტექნიკურად მზადაა, სადგურზე ლოკალური აფეთქება მოაწყოს, რაც გამოიწვევს ჰაერში საშიში ნივთიერების გამოფრქვევას. ამ საკითხს პარტნიორებთან განვიხილავთ. ყველას ესმის, რომ რუსეთზე პოლიტიკური ზეწოლა საჭიროა, რათა არც იფიქრონ ამის გაკეთება”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 4 ივლისს განაცხადა, რომ აქვთ ოპერატიული ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მესამე და მეოთხე ენერგობლოკების სახურავზე განათავსეს ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი საგნები, რომელთა აფეთქებამ ბლოკები არ უნდა დააზიანოს, მაგრამ უნდა შექმნას უკრაინის მხრიდან სადგურის დაცხრილვის სურათი.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია და ის 2022 წლის მარტიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული.