რატომ არ აისახება „ბლექ სი არენას“, საქართველოს რკინიგზის და საპარტნიორო ფონდის წამგებიანი საქმიანობა მათი ხელმძღვანელების განსაკუთრებულად მაღალ ყოველწლიურ შემოსავალზე. „ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდმა 2018 წელი 585 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, 2015-2023 წლებში, მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“, დავით საგანელიძე იყო. მიუხედავად იმისა, რომ საპარტნიორო ფონდმა 2018 წელი ზარალით დაასრულა, საგანელიძის შემოსავალმა ამავე წელს 294,000 ლარი შეადგინა. ეს დაახლოებით 20000 ლარზე მაღალ ყოველთვიურ შემოსავალს ნიშნავს.
„ფლანგვის დეტექტორი“
ყველაზე მაღალშემოსავლიანი საწარმოების დირექტორების შემოსავალი ასე გამოიყურება: საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დავით საგანელიძე 9 წლის განმავლობაში იკავებდა, 2015-2023 წლებში. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად მისი ყოველწლიური შემოსავალი საშუალოდ 200,000 ლარს აღემატება, რაც ყოველთვიურად დაახლოებით 16,000 ლარს შეადგენს. დავით საგანელიძემ დირექტორის მოვალეობების შესრულებისთვის 2015-2022 წლებში ხელფასის სახით ჯამში 1,582,414 ლარი აიღო. საპარტნიორო ფონდმა 2018 წელი 585 მლნ ლარის ზარალით დაასრულა, რაც 2015 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. მიუხედავად კომპანიის წაგებისა, დავით საგანელიძის ყოველწლიურმა შემოსავალმა 2018 წელს 294,000 ლარი შეადგინა.
„ფლანგვის დეტექტორი“ გავრცელებულ ინფორმაციაში საქართველოს რკინიგზის შესახებაც საუბრობს. ირკვევა, რომ მაშინ, როცა, 2018 წელს რკინიგზის ზარალმა 717 მლნ ლარი შეადგინა, მისმა დირექტორმა დავით ფერაძემ ყველაზე მაღალი შემოსავალი 210 525 ლარი მიიღო. ჩნდება კითხვა – რატომ არ ჰქონდა ნეგატიური გავლენა კომპანიის წამგებიან საქმიანობას მისი დირექტორის ამავე წლის შემოსავალზე.
„ფლანგვის დეტექტორი“
საქართველოს რკინიგზა სახელმწიფო საწარმოა, რომელსაც დავით ფერაძე 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, 2017-2022 წლებში, აღნიშნულ თანამდობაზე, მან ხელფასის სახით 823,793 ლარი მიიღო.მაგალითად 2018 წელი საქართველოს რკინიგზისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული წელი აღმოჩნდა, რა დროსაც კომპანიის ზარალმა 717 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნულ ფაქტს გავლენა არ მოუხდენია მისი დირექტორის შემოსავალზე. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, დავით ფერაძემ, 2018 წელს ყველაზე მაღალი შემოსავალი 210,525 ლარი მიიღო, ანუ მისი თვიურმა შემოსავალი დაახლოებით 17,000 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დავით ფერაძის წლიური შემოსავალი აღნიშნულ თანამდებობაზე საშუალოდ 140,000 ლარზე მეტია, თუმცა 2018 წელს კომპანიის ყველაზე დიდი ზარალის მიუხედავად მისმა სარგომ ნორმას მნიშვნელოვნად გადააჭარბა.
„ფლანგვის დეტექტორს“ შეკითხვები აქვს „ბლექ სი არენას“ დირექტორთან, ტარიელ ხარჩილავასთანაც. ირკვევა, რომ ხარჩილავას შემოსავალმა 2020 წელს თითქმის 85000 ლარი შეადგინა, 2021 წელს – თითქმის 89000 ლარი, 2022 წელს კი 89000 ლარზე მეტი. ეს მაშინ, როცა კომპანია „ბლექ სი არენა“ დაარსებიდან დღემდე მოგებაზე არასდროს გასულა და ყოველ წელს ზარალით ასრულებს.
„ფლანგვის დეტექტორი“
ბლექ სი არენას დირექტორის თანამდებობას 2018 წლიდან ტარიელ ხარჩილავა იკავებს. ტარიელ ხარჩილავას შემოსავალი მზარდია, თუმცა უცნობია, რა არის აღნიშნული ზრდის მიზეზი, რადგან კომპანია დაარსებიდან დღემდე არასდროს გასულა მოგებაზე და ყოველ წელს მნიშვნელოვანი ზარალით ასრულებს. ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, ტარიელ ხარჩილავას შემოსავალმა 2020-2022 წლებში ჯამში 262,451 ლარი შეადგინა. ხოლო, წლების მიხედვით მისი შემოსავალი ასე გამოიყურება: 2020 წელს 84,621 ლარი; 2021 წელს 88, 713 ლარი; 2022 წელს 89,117 ლარი. კომპანია ბლექსი არენასგან გასხვავებით, საპარტნიორო ფონდი და საქართველოს რკინიზგა სამუშაო წელს მოგებაზეც ასრულებენ. მაგალითად, საქართველოს რკინიგზამ 2023 წლის 9 თვის მონაცემების თანახმად 102 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო. თუმცა კომპანიების ფისკალურ ანგარიშებს მიხედვით, ჯამში ზარალის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება საწარმოს მიერ მიღებულ მოგებას, რაც გავლენას არ ახდენს მათი ხელმძღვანელების შემოსავალზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, შემუშავდეს შესაბამისი ანტიკორუფციული მექანიზმები რაც გაზრდის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტს სახელმწიფო საწარმოებში.
„ფლანგვის დეტექტორის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ „ქართულ ოცნებაში“. სახელისუფლებო გუნდის დეპუტატები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ „ფლანგვის დეტექტორი“ მათთვის სანდო წყარო არ არის, რადგან, მათი თქმით, მსგავსი ორგანიზაციები ოპოზიციასთან არიან აფილირებულნი.