უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, რიში სუნაკს ესაუბრა. სატელეფონო კომუნიკაციისას ზელენსკიმ სუნაკს უკრაინისთვის დიდი რადიუსის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა.
“ჩვენ განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის საჭიროებები და შემდგომი თანამშრომლობა ბრძოლის ველზე უკრაინის შესაძლებლობების გასაფართოებლად, კერძოდ შორი მოქმედების იარაღის საშუალებით. […]
ჩვენ ასევე განვიხილეთ ნაბიჯები #PeaceFormula-ს დანერგვისა და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მომზადებისთვის.
მე ხაზი გავუსვი რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას, განსაკუთრებით იმის გამო, რომ რუსეთი აძლიერებს რაკეტების წარმოებას დასავლური კომპონენტების გამოყენებით”, – დაწერა ზელენსკიმ.
მანამდე, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 250 კმ-ის რადიუსის მქონე Storm Shadow-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გადასცა, რომელიც დასავლეთის მიერ გაგზავნილი იარაღებიდან ყველაზე დიდი რადიუსის მქონეა.
გარდა ამისა, ზელენსკიმ სუნაკს მიმდინარე კვირაში უკრაინის აღდგენის კონფერენციის ორგანიზებისთვის და უკრაინის დახმარებაში ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა.